ახალი ამბები

სტუდენტებმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სივრცე ეწყობა, შავი ლენტები გააკრეს

18 დეკემბერი, 2019 • 2800
სტუდენტებმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სივრცე ეწყობა, შავი ლენტები გააკრეს

სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სივრცის მოწყობა იგეგმება, ჯებირებზე შავი ლენტები დაამაგრეს.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოვიდნენ და ამბობენ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები უნდა გადაიდოს.

აქტივისტების თქმით, ისინი მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციას გამართავენ.

მსგავსი ფორმით პროტესტი აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზეც გამოხატეს. “გაბედეს” აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე მდგარ საახალწლო ნაძვის ხის ფორმის ილუმინაციას შავი ლენტი შემოავლეს, შემდეგ კი შავ ფონზე წითელი საღებავით ხელის ანაბეჭდები დაადეს.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

თავისუფლების მოედანზე საახალწლო ილუმინაციას მერია ამონტაჟებს, მის ირგვლივ კი  უნდა მოეწყოს წარწერა – „ისტორიებით სავსე ქალაქი“. აქტივისტები 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დღეს თბილისი „გლოვით სავსე ქალაქია“.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი