ახალი ამბები

დევნილობის ფოტოგამოფენა გაეროს შტაბ-ბინაში

8 ივნისი, 2015 •
დევნილობის ფოტოგამოფენა გაეროს შტაბ-ბინაში

გამოფენის ერთ–ერთი ორგანიზატორის, გაეროში საქართველოს მისიის მრჩევლის, თამთა კუპრაძის განცხადებით, ეს ექსპოზიცია საქართველოს მისიის ორგანიზებით გაეროს შენობაში გამართული პირველი ფოტოგამოფენაა, რომელიც უშუალოდ დევნილების პრობლემატიკასა და მსოფლიოს ამ უმწვავესი პრობლემის – დევნილობის, კერძოდ კი, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობის ჰუმანიტარულ განზომილებას ეხება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაეროში საქართველოს ორგანიზებით 2007 წელსაც გაიმართა ფოტოგამოფენა, რომელიც ომის საშინელებებს ეხებოდა და მასზე აფხაზეთის ომის პერიოდის გრაფიკული ფოტოები  გამოიფინა.

თამთა კუპრაძე
თამთა კუპრაძე

თამთა კუპრაძე: გამოფენაზე წარმოდგენილი ბრიტანელი ფოტოგრაფების – მალკოლმ ლინტონისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აფხაზეთის ომის დროს დევნილი ადამიანების მდგომარეობაა აღბეჭდილი, ქართველების საკუთარი სახლებიდან გამოდევნის დრამატულ ისტორიას ასახავს.  ქართველმა დევნილებმა რთული  და ტრაგიზმით სავსე გზა გაიარეს მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის  საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს. ამ მხრივ მდგომაროება 2008 წლის მერე კიდევ უფრო გაუარესდა და აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დამატებით ათი ათასობით ადამიანი  საკუთარ მიწა–წყალზე დევნილი გახდა. დღეს მთელ მსოფლიოში კონფლიქტისა და ძალადობის შედეგად ოცდათვრამეტი  მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია და, მათ შორის – ქართველებიც. ეს არის დევნილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

რა იყო ამ გამოფენის მთავრი მიზანი?

 

გამოფენა საერთაშორისო დონეზე ქართველი დევნილების შესახებ ცნობადობის  ამაღლების საკითხს ემსახურება. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოფენა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება, რადგანაც საქმე ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, საკუთარ სახლში დაბრუნების ხელშეუხებელ უფლებას, საკუთრების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას.

 

გამოფენაზე 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს მთავრობის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გორელი საბა წიწიკაშვილის კუთვნილი ფოტოებიცაა წარმოდგენილი, რომლებიც, ასე ვთქვათ, შედარებით ახალია. როგორ “მიაგენით” უცხოელ ფოტოგრაფებს, რომლებსაც 23 წლის წინანადელი ტრაგედიის მოწმენი იყვნენ?

ჩვენი მისიის ერთობლივი ძალისხმევით. ჯერ დავუკავშირდით მალკოლმ ლინტონს, რომელიც, საბედნიეროდ, იმ დროს ნიუ-იორკში იმყოფებოდა და შეხვედრისას გვითხრა, რომ იმ ნამუშევრების ავტორი, რომელსაც ვეძებდი, შესაძლოა ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯონ ჯონსი ყოფილიყო. მალკოლმ ლინტონი სოხუმის დაცემის ცოცხალი მოწმეა და თავის ფოტო-კოლექციაში ასახული აქვს სოხუმის დაცემისა და ომის უმძიმესი სურათები. სამწუხაროდ, ფოტოგამოფენის ფორმატიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ ფოტოების გამოფენა შევძელით, რომლებიც დევნილობის პრობლემატიკას ეხებოდა. მალკოლმის ერთ–ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ის ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა და, სავარადუდოდ, ის ადამიანებიც, რომლებიც იქ ისხდნენ და დაიღუპნენ. ჯონ ჯონსი კი ქართველ დევნილებს სვანეთის მთებში გაჰყვა და მისმა კამერამ ჭუბერზე გადასვლის ტრაგიკული რეალობა ასახა. ჯონ ჯონსის ფოტოების ამ არაჩვეულებრივმა კოლექციამ 1993 წელს World Press Prize -ის ჯილდო მიიღო. ორივე ავტორი თავისი ნამუშევრების გამოფენაზე სიხარულით დაგვთანხმდა. გამოფენის გახსნას მალკოლმ ლინტონიც ესწრებოდა. ასევე შთამბეჭდავია პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მიელნიკევიჩის ფოტოები ( UN Women – ის საკუთრება), რომელიც  2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანების ცხოვრებას აღწერს. 

ჩვენი მოვალეობაა ნებისმიერი პლატფორმა გამოვიყენოთ ამ თემატიკის გასაშუქებლად და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამჟამად არ მიმდინარეობს, ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში დევნილებად რჩებიან, ხოლო მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეუხებელი უფლების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღლა უნდა იდგეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი