ახალი ამბები

“მწვანე სკოლის” გარშემოც არსებობს კითხვის ნიშნები – სოფო კილაძე

18 დეკემბერი, 2019 • 2256
“მწვანე სკოლის” გარშემოც არსებობს კითხვის ნიშნები – სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად “მწვანე სკოლის|” გარშემოც არსებობს კითხვის ნიშნები. ამის შესახებ კილაძემ მისი და სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“რაც მოვისმინეთ, იქიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება სკოლაში განვითარებულ მოვლენებს და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით, რადგან სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის მოვლენებში”, – განმარტა კილაძემ

კილაძის თქმით, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სუიციდის თემა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან 15 წლის მოზარდის გარდა ამ ამბავში სხვა არასრულწლოვნებიც ფიგურირებენ. სწორედ მათი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სოფო კილაძის თქმით, დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებს.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი