Interviewsახალი ამბები

“სირცხვილიამ” შსს-სთან მერხი და სკამი მიიტანა

18 დეკემბერი, 2019 • 1889
“სირცხვილიამ” შსს-სთან მერხი და სკამი მიიტანა

სამოქალაქო მოძრაობამ “სირცხვილია” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმბოლურად მერხი და სკამი მიიტანა იმის გამოხატულებად, რომ ლუკა სირაძე დღეს, წესით, სკოლაში უნდა ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად აღნიშნული ნივთების ეზოში შეტანის უფლებას “სირცხვილიას” წევრებს არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ აქტივისტებმა მერხისა და სკამის ეზოში შეტანა მოახერხეს.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი