ახალი ამბები

აქციის დაშლაზეც რეალურ ინფორმაციას მივაწვდით – გახარია კონგრესმენებზე

17 დეკემბერი, 2019 • 2289
აქციის დაშლაზეც რეალურ ინფორმაციას მივაწვდით – გახარია კონგრესმენებზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმენებს სრულ და ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის აქციების დაშლასთან დაკავშირებით.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და გერი კონოლომ (დემოკრატმა), 16 დეკემბერს გიორგი გახარიას მიმართეს და გააკრიტიკეს ხელისუფლება აქციების დაშლისას „სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ სანქცირებული ძალადობის“ გამო.

მეორე დღეს, 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა გახარიამ განაცხადა: „აქციის დაშლასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას [კონგრესმენებს] და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ“. გახარიას თქმითვე, მათ „არაობიექტური ინფორმაცია“ მიაწოდეს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ. გამოხატვის თავისუფლება არასოდეს ისე დაცული, ღია და ტრანსპარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტია და ამას მე კი არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ა.შ“, – განაცხადა გახარიამ.

წაიკითხეთ ასევე:

პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს – გახარია კონგრესმენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი