ახალი ამბები

პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს – გახარია კონგრესმენებზე

17 დეკემბერი, 2019 • 2030
პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს – გახარია კონგრესმენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის კონგრესმენების კრიტიკის პასუხად აცხადებს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავლილი პროცედურაა და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და გერი კონოლომ (დემოკრატმა) 16 დეკემბერს გიორგი გახარიას მიმართეს და საქართველოს ხელისუფლება პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს.

გახარიამ 17 დეკემბერს ამ წერილის თაობაზე ჟურნალისტების კითხვების პასუხად ჯერ თქვა, რომ ყველა სახის კრიტიკას მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან სამუშაო რეჟიმში იღებს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, შემდეგ კი განაცხადა:

„არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს ხალხის არჩეულია პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი, პოლიტიკური პროცესი, როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ [როგორ გაგრძელდება]“.

„საქართველოს მთავრობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ყველას ჩვენ გვაღელვებს ერთი რამ: ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ის დონე, რაც დღეს გვაქვს, საქართველოს არასოდეს არ ჰქონია. საქართველოს არ ჰქონია არასოდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში“.

გახარიას განცხადებით, ამ მიმართულებით რაც უფრო მეტ შედეგს აღწევს საქართველოს ხელისუფლება, „მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ“:

„ეს ნორმალურია და ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა პროპორციული არჩევნები 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში“.

თავიდან გახარიამ ასევე განაცხადა: „შევთანხმდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. [ეს] კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენი მეგობრებისგან, სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას — რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს— ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც ჩვენ ვუპასუხებთ და ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობა და პოზიტიური მეგობრობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი