ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არ უნდა დაგვავიწყდეს ექიმი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი” – გახარია ელჩებს

17 დეკემბერი, 2019 • 2118
“არ უნდა დაგვავიწყდეს ექიმი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი” – გახარია ელჩებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ცხინვალში დაპატიმრებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ისაუბრა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს, რომლებიც გაფრინდაშვილის გათავისუფლების მცდელობაში არიან ჩართულნი:

“რა თქმა უნდა, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ, მაგალითად, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი სპეციალობის, თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. ვიცი და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დიპლომატს, რომლებიც ჩართულია ამ ადამიანის ამ მდგომარეობიდან დასახსნელად.

“ამ პატარ-პატარა შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი და ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ასეთი ყოველდღიური პრობლემები ექმნება თითოეულ შენს მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ცხოვრობს”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.


ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი