თადუმაძე უზენაესის სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე, რომელმაც პარლამენტმა უვადო მოსამართლედ დანიშნა, დღეს, 16 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

გარდა თადუმაძისა, პალატაში შემდეგი მოსამართლეები შევიდნენ: გიორგი შავლიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე და ლალი ფაფიაშვილი.

თადუმაძე პალატის თავმჯდომარედ მოსამართლეთა პლენუმის სხდომაზე აირჩიეს. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, გარდა თადუმაძის თავმდჯომარედ არჩევისა, ამავე სხდომაზე განიხილეს მოსამართლეთა საკასაციო პალატებში განაწილებისა და მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთაგადანაწილების საკითხი.

პლენუმის სხდომას ესწრებოდა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლად არჩეული 14 მოსამართლე.

ეს სხდომა დახურული იყო. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მასშტაბის განახლება უზენაეს სასამართლოში არასდროს მომხდარა და ასევე, იმის გამო, რომ ომბუდსმენი ამ პროცესებს წლის განმავლობაში დეტალურად აკვირდებოდა, პლენუმის ღია სხდომაზე, რომელიც კანონის მიხედვით საჯაროა, დასწრება გადაწყვიტეს.

უზენაესი სასამართლოს პლენუმზე დაკვირვების შესაძლებლობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლის გარდა, არც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) მიეცა.

საიას განცხადებით, პლენუმმა დღეს ორგანიზაციულ საკითხებზე განახლებული შემადგენლობით იმსჯელა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საია აკვირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რის გამოც დღეს პლენუმის სხდომას უნდა დასწრებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი.

უზენაესი სასამართლოს პლენუმზე დაკვირვების შესაძლებლობა არც საია-ს მიეცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან