ნეტგაზეთი | უზენაესი სასამართლოს განახლებულმა შემადგენლობამ პლენუმის ღია სხდომა დახურა უზენაესი სასამართლოს განახლებულმა შემადგენლობამ პლენუმის ღია სხდომა დახურა – Netgazeti
RU | GE  

უზენაესი სასამართლოს განახლებულმა შემადგენლობამ პლენუმის ღია სხდომა დახურა

უზენაესი სასამართლოს განახლებულმა შემადგენლობამ პლენუმის ღია სხდომა დახურა. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გაავრცელა, რაც “ნეტგაზეთს” უზენაეს სასამართლოშიც დაუდასტურეს.

ბურჯანაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მასშტაბის განახლება უზენაეს სასამართლოში არასდროს მომხდარა და ასევე, იმის გამო, რომ ომბუდსმენი ამ პროცესებს წლის განმავლობაში დეტალურად აკვირდებოდა, პლენუმის ღია სხდომაზე, რომელიც კანონის მიხედვით საჯაროა, დასწრება გადაწყვიტეს.

თუმცა, როგორც ომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, სხდომის დაწყებისთანავე ერთ-ერთმა მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ უფრო კომფორტული იქნებოდა, თუკი სხდომა დაიხურებოდა, რასაც პლენუმის შემადგენლობამ კენჭი უყარა და სხდომა დაიხურა:

“კანონმდებლობის მიხედვით, პლენუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ჩვენი საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა მივიდა, აიღო საშვი და ესწრებოდა პლენუმის საჯარო სხდომას. დაწყებისთანავე ერთ-ერთმა მოსაართლემ, შალვა თადუმაძემ, განაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი სხდომა იყო ახლად არჩეული მოსამართლეებისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა მათთვის, თუკი სხდომა დაიხურებოდა.

მან დამატებით ხაზი გაუსვა იმას, რომ განსახილველი საკითხებიდან სახალხო დამცველის ინტერესის საგანი არ უნდა ყოფილიყო რომელიმე. ასევე აღნიშნა, რომ საჯარო ინტერესი არ იყო მაღალი, რადგან მხოლოდ ჩვენი წარმომადგენელი ესწრებოდა სხდომას. შემდგომ კენჭისყრაზე დადგა საკითხი და დაიხურა სხდომა. უმრავლესობამ გადაწყვიტა სხდომის დახურვა”, – ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.

გიორგი ბუდჯანაძე აცხადებს, რომ სხდომის დახურვის ვერანაირ სამართლებრივ საფუძველსა და მიზეზს ვერ ხედავს და შიშობს, რომ მომავალში ამას მოჰყვება უზენაესის პალატების ფარული წესით ფორმირება:

“ფარული წესით ფორმირებული უზენაესი სასამართლოს ახალი შემადგენლობის შემდგომ, გვექნება ფარული წესით ფორმირებული უზენაესი სასამართლოს პალატები. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა დახურულიყო პლენუმის დღევანდელი სხდომა და არც არანაირ სამართლებრივ საფუძველზე არ ყოფილა მითითება”, – ამბობს ბურჯანაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.