ახალი ამბები

კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ – ტყემალაძე კუხიანიძის გადაყენებაზე

16 დეკემბერი, 2019 • 1514
კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ – ტყემალაძე კუხიანიძის გადაყენებაზე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ საკრებულო კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ერეკლე კუხიანიძის შესახებ. ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს წევრია, რომელმაც ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა, რასაც მოჰყვა აქცია მისი გადადგომის მოთხოვნით.

თბილისის საკრებულოს წინ აქციის დასრულების შემდეგ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ჩვენ აუცილებლად გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, თქვენ ამას შეიტყობთ“.

პროტესტი მოჰყვა კუხიანიძის ფეისბუკის პოსტს, სადაც მან დაწერა: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!“ [სტილი დაცულია].

ეს პოსტი გიორგი ტყემალაძემ ასე შეაფასა: „რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და, შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად, ასეთი განცხადებებისგან და ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი“.

„ყველამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იყოს ძალიან მალე გათავისუფლებული და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა მან.

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საკრებულოს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რათა ერეკლე კუხიანიძეს დეპუტატის მანდატის დატოვება მოსთხოვონ.

სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნია — დავითულიანი კუხიანიძის მოხსნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი