ახალი ამბები

სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნია — დავითულიანი კუხიანიძის მოხსნაზე

16 დეკემბერი, 2019 • 1312
სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნია — დავითულიანი კუხიანიძის მოხსნაზე

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საკრებულოს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რათა ერეკლე კუხიანიძეს დეპუტატის მანდატის დატოვება მოსთხოვონ. ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა, რასაც მოჰყვა აქცია მისი გადადგომის მოთხოვნით.

თბილისის საკრებულოს წინ აქციის დასრულების შემდეგ ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „არავითარი სამართლებრივი ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია იმისი, რომ მოვთხოვოთ ვინმეს დეპუტატის მანდატის დატოვება…”

მან თქვა, რომ საკრებულოდან გათავისუფლების სულ რამდენიმე საფუძველი არსებობს: „გარდაცვალება, სისხლის სამართლის დანაშაულის დამტკიცება, პირადი განცხადება და ა.შ“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეს საფუძველი არ არსებობს.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, დაატოვებინებენ თუ არა კუხიანიძეს პარტიას, რაზეც უპასუხა: „მე ამ გადაწყვეტილებას პირადად და ერთპიროვნულად ვერ ვიღებ, თუ იქნება ამაზე მსჯელობა, ვიმსჯელებ“. მან ასევე თქვა, რომ გუნდის შიგნით დააფიქსირებს თავის პოზიციას და შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.

„ერეკლე კუხიანიძემ გამოხატა პოზიცია, რომელიც მისაღები არ იყო არავისთვის. ეს დააფიქსირა ყველამ. პოლიტიკური დღის წესრიგის აგება იმაზე, ვინ არის მოსახსნელი და ა.შ. — მოდით, ეს ადამიანი გამოვიხსნათ და მერე გავარჩიოთ დანარჩენი ყველაფერი“, – განაცხადა დავითულიანმა.

„არავითარ ემოციების უფლება, არავითარი მოსაზრებების გამოხატვის ფუფუნება არავის არ გააჩნია იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამემამულე არის საოკუპაციო ტყვეობის რეჟიმში“, – ამბობს იგი.

პროტესტი მოჰყვა კუხიანიძის ფეისბუკის პოსტს, სადაც მან დაწერა: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია].

მასალების გადაბეჭდვის წესი