სახელმწიფოს მოუწოდებენ, სწრაფად გამოიძიოს ბავშვზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობა

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT აცხადებს, რომ შეშფოთებას გამოხატავს 2019 წლის 11 დეკემბერს 15 წლის მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და სახელმწიფოს ამ ამბის სწრაფად გამოძიებას სთხოვს.

15 წლის მოზარდმა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. „ნეტგაზეთთან” მისი ძმა ამბობს, რომ 15 წლის ბავშვს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ.

ამ დროისთვის მოზარდი იაშვილის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესში ჩართულ ყველა პროფესიონალს ავალდებულებს, ამოსავალ პრინციპად გაიხადოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, გაითავლისწინოს ასაკობრივი თავისებურებები და ის სარისკო გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს და საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ემოციურ მდგომარეობას და განვითარების შესაძლებლობას“, – წერია GCRT-ის განცხადებაში.

GCRT-ის თანახმად, „ნებისმიერი პროფესიონალი, რომელიც ერთვება სამართალწარმოებაში, ვალდებულია აღიარებდეს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს და ეთიკურ ნორმებს, ფლობდეს სპეციალურ ცოდნას და პროფესიულ უნარებს, ასევე ვალდებულია დაიცვას კანონით განსაზღვრული ყველა პროცედურა, რომელიც ბავშვს შეუქმნის ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს. შესაბამისად, გამორიცხულია ამ პროცესში ბავშვის იძულება, მუქარა ან რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა“.

„გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, 2019 წლის 11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრუწლოვნის გამოკითხვა მოხდა კანონის უხეში დარღვევით და დანაშაულის აღიარების იძულებით. რის შედეგადაც 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა“.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დროულად გამოიძიონ საქმე და გამოავლინონ დარღვევები, რომლითაც „სავარაუდოდ მოხდა არასრუწლოვნის საქმის წარმოება და ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შედეგადაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა“; ასევე, დროულად და ეფექტურად იქნეს გამოიძიებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე.

ამავე დროს, ცენტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, შეისწავლოს 15 წლის მოზარდთან დაკავშირებული გარემოებები და დეტალურად გაეცნოს როგორც საგამოძიებო ნაწილს, ასევე, მის სასკოლო ისტორიას.

დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით – კომაში მყოფი მოზარდის ძმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com