ახალი ამბები

იმედი გვქონდა, რომ მინიმალური ოდენობით დანიშნავდნენ – PACE-ს წევრები მოსამართლეებზე

13 დეკემბერი, 2019 • 1031
იმედი გვქონდა, რომ მინიმალური ოდენობით დანიშნავდნენ – PACE-ს წევრები მოსამართლეებზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატინი და კლოდ კერნი წუხილსა და იმედგაცრუებას გამოთქვამენ პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების თაობაზე – საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციის მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის გამო.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაამტკიცა 14 მოსამართლე. „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის „მოსამართლეთა კლანის“ წევრი, რომლებსაც ლობირებას ხელისუფლება უწევს.

მათი დანიშვნა კრიტიკულად შეაფასეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. მათ შემდეგ, პროცესი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გააკრიტიკა. 13 დეკემბერს PACE-მ კრიტიკული განცხადება გაავრცელა:

„სექტემბერში ვიზიტისას გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა გაუმჭვირვალე და არასაკმარისი შერჩევის პროცესის შესახებ. ამ ვიზიტისას ჩვენ გამოვთქვით მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში გამოვლენილ ნაკლოვანებებს, მათ შორის მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობით დანიშვნით, რაც საჭირო იყო უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, — წერია PACE-ს 13 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 დანიშნა შესაფერისი დასაბუთების გარეშე, მათ შორის ის პირებიც, რომლებსაც არჩევის პროცესში არ გამოუვლენიათ იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა, რაც საჭიროა ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ეს მხოლოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც გულდასაწყვეტი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

PACE-ს თანამომხსენებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი ზომების გატარება, რათა ხელისუფლებამ უზრუნველყოს იუსტიციის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.

„არსებული ვითარების განმეორების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შერჩევის პროცესის შესახებ დაუყოვნებილ იქნას მიღებული, — გამოიყენონ ერთიანი კრიტერიუმები, დასაბუთებული გადაწყვეტილებები და გაუქმდეს ფარული კენჭისყრა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას, არამედ, ზოგადად, სასამართლოებში დანიშვნის პროცესში“, – აცხადებენ ისინი.

ნახეთ ასევე:

ზოგიერთი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით – EU მოსამართლეებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი