ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება მოსამართლეთა დანიშვნაზე

12 დეკემბერი, 2019 • 2575
აშშ-ის საელჩოს განცხადება მოსამართლეთა დანიშვნაზე

პარლამენტის მიერ დღეს, 12 დეკემბერს დამტკიცებული უზენაესი მოსამართლეების საკითხს საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

საელჩოს შეფასებით, კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა და  მიუკერძოებლობა. აშშ-ის საელჩო წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ასეთი კანდიდატები მოხვდნენ იმ 14 მოსამართლეში, რომლებიც დღეს პარლამენტმა უვადოდ აირჩია.

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სხვა კანდიდატების შერჩევისას ის ხარვეზები გაითვალისწინონ, რაც ამ პროცესში წარმოჩინდა.

“ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ განწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში”,-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 12 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ 14 მოსამართლე დაამტკიცა. 5-მა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ერთმა კი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა არჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი, რომელბსაც ლობირებას ხელისუფლება უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი