ახალი ამბები

საინტერესოა, ვის გვეზეიმება – გაფრინდაშვილის ოჯახი „ოცნების“ ღონისძიებაზე

13 დეკემბერი, 2019 • 1023
საინტერესოა, ვის გვეზეიმება – გაფრინდაშვილის ოჯახი „ოცნების“ ღონისძიებაზე

„საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა“, — ასე გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხვალ „ქართული ოცნების“ ღონისძიებას.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მონაწილეობით ხვალ, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას იმართება. პარტიის ლიდერების თანახმად, ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

არასამთავრობო სექტორისა და ომბუდსმენის ინფორმაციით, მმართველ პარტიას რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანებიც მოჰყავს. რიგ შემთხვევებში კი ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება.

„მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ალფაბეტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა“, – თქვა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მოგვიწია ეს ალფაბეტის მიხედვით, მაგრამ უნდა გეზეიმებოდეს, ალბათ. ასეთი მასშტაბური ღონისძიებები, ალბათ, ძალიან ბედნიერ ქვეყნებში ტარდება. თუ ჩვენი ქვეყანა ძალიან ბედნიერია, ჩვენც ბედნიერები უნდა ვიყოთ“, — თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას.

13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მისი ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს და კვირას საპროტესტო აქციას აანონსებს სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ხაზთან.

ნახეთ ვრცლად:

გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და კვირას აქციას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი