ახალი ამბები

გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და კვირას აქციას აანონსებს

13 დეკემბერი, 2019 • 1305
გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და კვირას აქციას აანონსებს

ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს და კვირას საპროტესტო აქციას აანონსებს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან.

„დაგვანახეთ, რომ ოჯახი არა ვართ მარტო. დაგვანახეთ ეს, ჩვენო ხელისუფლებავ და საერთაშორისო საზოგადოებავ“.

ეს მოთხოვნები საზოგადოებას 13 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა. რამდენიმე საათით ადრე ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ნოემბერში დაკავებული ექიმი გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა ორი თვის ვადით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობამ შედეგი არ მოგვცა და ვაჟა ისევ საპატიმროში რჩება“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა და დასძინა, რომ „ეს რაღაც ხარვეზებზე მიგვითითებს, რაც გამოსასწორებელია“.

გაფრინდაშვილის ოჯახი ითხოვს უწყებათაშორისი კომისიის შექმნას გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად: „აუცილებლად საჭიროა უწყებათაშორისო კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა შევიდეთ ჩვენ, ოჯახის წევრები, მეგობრები“…

ისინი ითხოვენ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც: „პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რადგან დააკორექტიროს ეს ყველაფერი, შეიყვანოს ამ საკოორდინაციო საბჭოში ის უწყებები, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან, როგორც ვხედავთ, ყველანაირმა მცდელობამ მოგვცა ნული, მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, ზოგიერთი კერძო პირები 100%-იან გამოშვებას და ა.შ. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“.

„ჩვენ არ უნდა ვახდენდეთ ამ უწყებეს შორის კოორდინაციას და ამბები არ უნდა მიგვქონდეს ერთი უწყებიდან მეორეში. პირველი დღიდანვე ვითხოვდით ამას, მაგრამ არ შექმნეს და ამიტომ ვითხოვ პრემიერ-მინისტრის ჩართულობას“, — თქვა მან.

თამილა ლაფანაშვილმა კვირას საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აქცია დააანონსა და საზოგადოებას მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ:

„რადგან ამდენმა მოლაპარაკებამ — და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა — ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“.

„კიდევ ერთი: მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ალფაბეტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“, – თქვა მან.


13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე კვლავაც ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი