ახალი ამბები

როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა – ბურჯანაძე გაფრინდაშვილზე

13 დეკემბერი, 2019 • 2504
როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა – ბურჯანაძე გაფრინდაშვილზე

„როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო“, — ასე განმარტავს „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, თუ რატომ არ გამართლდა მისი განცხადება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

რამდენიმე დღის წინ ნინო ბურჯანაძემ palitra news-თან  საუბარში განაცხადა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ყველაზე გვიან პარასკევს, 13 დეკემბერს გაათავისუფლებდნენ.

თუმცა 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ნოემბერში დაკავებული ექიმი გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა ორი თვის ვადით.

„მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი დღის უკან ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ“, – წერია ბურჯანაძის მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

„სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ განთავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას“, — აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნახეთ ასევე:

გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და კვირას აქციას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი