ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს უსამართლო ბრძოლაში გამძლეობას უსურვებს

13 დეკემბერი, 2019 • 2716
მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს უსამართლო ბრძოლაში გამძლეობას უსურვებს

“მე მინდა მის ოჯახს და ჩვენს მთელ საზოგადოებას, რომელიც არის სრულად ჩართული, რა თქმა უნდა, ასევე, პირველ რიგში, ბატონ ვაჟას, ვუსურვო გამძლეობა ამ უსამართლო ბრძოლაში, უსამართლობასთან, ერთადერთი სამართლიანი შედეგისთვის, რაც არის მისი თავისუფლება”,- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხზე.

„მე არც ე.წ. სასამართლოს და არც ე.წ. გადაწყვეტილებების განხილვაში არ შევალ. ფაქტია, რომ გაჭინაურდა კვლავ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც არანაირი წინაპირობა არ შეიძლება ჰქონდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად არის მათი პასუხისმგებლობა. აბსოლუტურად უპრეცედენტო ძალისხმევაა გაწეული და გრძელდება იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იქნას გათავისუფლებული”, – აცხადებს მინისტრი.

დღეს, 13 დეკემბერს, ცხინვალში გამართულ სასამართლო სხდომაზე ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.  წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე გაფრინდაშვილის სასჯელის შესახებ უნდა ემსჯელათ, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ სასამართლო დარბაზიდან დღესვე გაათავისუფლებდნენ. სასამართლო პროცესი დახურული იყო და მასზე დასწრება ვერც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შეძლეს.

 

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი