ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ შესაძლოა “კავკასუს ონლაინს” ავტორიზაცია შეუჩეროს

13 დეკემბერი, 2019 • 1265
კომუნიკაციების კომისიამ შესაძლოა “კავკასუს ონლაინს” ავტორიზაცია შეუჩეროს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, “კავკასუს ონლაინს”, შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს. მარეგულირებლის ცნობითვე, კომპანიის წილების კომისიასთან შეუთანხმებლად გასხვისების გამო “კავკასუს ონლაინი” 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის გარდა GNCC კომპანიისგან მოითხოვს, 17 იანვრამდე გასხვისებული წილები უკან დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორიზაციის შეჩერებით ემუქრება.

“კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“  კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ, 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კვლავ დაავალდებულა და ვადად 17 იანვარი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა, კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს”, – წერია კომისიის განცხადებაში.

„კავკასუს ონლაინს“ ამჟამად ორი მესაკუთრე ჰყავს: უცხოური საწარმო International Online Networks LLC, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), რომელიც 63.8%-ს ფლობს, და ნელგადო ლიმითედი, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), რომელიც 36.2%-ს ფლობს.

2019 წლის მაისამდე ამ ორ კომპანიას შორის წილების გადანაწილება შემდეგნაირი იყო:  International Online Networks LLC — 52.73%,  ნელგადო ლიმითედი — 47.27%.

მასალების გადაბეჭდვის წესი