თბილისის მერს, კახა კალაძეს დღეს ვარკეთილში იმ სამეზობლოს წევრები შეხვდნენ, რომლებიც „ანას ბაღის“ გადასარჩენად იბრძვიან.

მოქალაქეები უკვე 33-ე დღეა, „ანას ბაღის“ მიმდებარედ ბანაკში განთავსდნენ და საპროტესტო აქციას უწყვეტ რეჟიმში მართავენ.

რაც შეეხება კალაძეს, ის დღეს ვარკეთილში გამწვანების სხვა პროექტზე სასაუბროდ მივიდა, მოქალაქეები კი მას დახვდნენ და სთხოვეს, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედა „ანას ბაღის“ მიჯნაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხისთვის.

მეზობლებმა მერს მიაწოდეს მშენებლობისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების ინიციატივა. კალაძემ კი საპასუხოდ თქვა:

„ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, მერიას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ძველი გაცემული ნებართვა. მანამდე ჩვენ შევისწავლეთ და დროებით გავაჩერეთ ნებართვა, სანამ არ მოხდებოდა შესწავლა, იმიტომ, რომ წამოვიდა კითხვები, იყო თუ არა ეს სწორად გაცემული ნებართვვა.

შესაბამისად, სამსახურებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ნებართვა იყო სწორად გაცემული.

რაც შეეხება მონაცვლეობას, ქალაქში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მშენებლობები, სამწუხროდ, გაცემულია ისეთ ადგილზე ნებართვები, სადაც მშენებლობა მიუღებელია და არ შეიძლება ურბანული განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, დედაქლაქის მერიას აქვს პრიორიტეტები, როგორიც იყო  ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობის განთავსება…“ ,- ამბობს კალაძე.

კალაძე თავის განცხადებაში ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას იხსენებს, რომელზეც მერიამ კომპანიას ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. „ანას ბაღის“ აქტივისტმა კალაძეს შეახსენა, რომ ვაკის პარკის შემთხვევაშიც, საბუთები წესრიგში იყო, მაგრამ მან “პოლიტიკური გადაწყვეტილება” მიიღო და მშენებლობა შეაჩერა.

“მე რატომ უნდა ავიღო ძველ გაცემულ ნებართვაზე პასუხისმგებლობა?!“ – ამბობს კალაძე, რაზეც მას უპასუხეს – “მერი ხართ და იმიტომ!“

საბოლოოდ მეზობლებმა სთხოვეს კალაძეს, რომ  „ანას ბაღთან“ მისულიყო და სიტუაცია თავად ენახა, რაზეც კალაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ კონკრეტული მშენებლობის დოკუმენტაცია წესრიგშია, მას კი საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. თბილისის მერმა განუცხადა მოქალაქეებს- “არასწორ რაიმეს ითხოვთ“, ვინაიდან თავად სკვერს არაფერი ემუქრება.

მოქალაქეებმა კი მას უთხრეს, რომ სკვერის მომიჯნავედ ბეტონის შენობა სკვერს საბოლოოდ გაანადგურებს, მათ კი დამატებით სივრცეს წაართმევს.


ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს. უკვე 9 დღეა, რაც ეს აქციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ვრცლად „ანას ბაღზე“:

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად