ახალი ამბები

“და ჩვენ ვიცეკვეთ”, მალხაზ სონღულაშვილი და თანასწორობის ჯილდოს სხვა მფლობელები

12 დეკემბერი, 2019 • 2898
“და ჩვენ ვიცეკვეთ”, მალხაზ სონღულაშვილი და თანასწორობის ჯილდოს სხვა მფლობელები

დღეს, 12 დეკემებრს “თანასწორობის ჯილდო” გადაეცა 9 ლგბტქ უფლებების აქტივისტსა და მხარდამჭერს.

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელები შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ თანასწორობის მოძრაობის, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრები, ხოლო მეცხრე ჯილდო თანასწორობის მოძრაობამ გადასცა გამარჯვებულს.

გთავაზობთ გამარჯვებულების სიას და მოკლე ანოტაციებს, რომლის ავტორებიც ღონისძიების ორგანიზატორები არიან:

ბარი საქსესი

ბარი “საქსესი” ლგბტ ადამიანებისა და ზოგადად ქვიარ თემის მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე გახდა. დღეს და განსაკუთრებით წინა წლებში, როდესაც საკმაოდ მცირე იყო მეგობრული ადგილების რაოდენობა ქვიარ თემისთვის, რომელიც საჯარო სივრცეში უხილავია გავრცელებული ჰომოფობიის გამო, მნიშვნელოვანი იყო ადგილები, სადაც ქვიარ ადამიანები ერთმანეთს გაიცნობდნენ და საკუთარი გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ორიენტაციის გამოხატვა თავისუფლად შეეძლებოდათ.  “თანასწორობის ჯილდო” გადაეცა ბარ საქსესს, რომელსაც ბარის მფლობელ ნია გვათუამ მიიღო.

მალხაზ სონღულაშვილი

“თანასწორობის ჯილდოს” მფლობელია ადამიანი, რომელიც მრავალი წელია საქმითა თუ სიტყვით, ქადაგებებითა და შთამბეჭდავი საჯარო წერილებით აძლიერებს ლგბტ თემს. ჩვენ მას ვიცნობთ როგორც თანასწორობისა და ადამიანურობის უპირობო დამცველს, ვისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი და არა იერარქიის სათავეში ყოფნა. იგი არის მღვდელმთავარი, რომელიც მაგალითს გვაჩვენებს, რომ მღვდელმსახურება სწორედ ადამიანებზე ზრუნვაა. თანასწორობის ჯილდო გადაეცცა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, მალხაზ სონღულაშვილს.

მანო სვანიძე

თანასწორობის ჯილდო გადაეცა ფოტოგრაფს, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობს ტრანსგენდერი ქალებისადმი არსებული სტერეოტიპების მსხვრევას. მისი საავტორო პროექტები, “ხვალინდელი სიმღერა”, “5 second rule” მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ავტორს, როდესაც საუბრობს იდენტური პრობლემის მქონე ადამიანებზე, საერთი გამოწვევების წარმოჩენისას შეუმჩვენელი არ რჩება ის ინდივიდუალური საჭიროებები, რომლებიც ორ ტრანსგენდერ ქალს შეიძლება ჰქონდეს. პროექტში მანო სვანიძე სტერეოტიპული, არაბუნებრივი, ეგზოტიკური ბუნებისგან დაცლილ, ემოციურ სურათებს ქმნის.

ვარლამ მალანია 

მაშინ, როდესაც თანასწორობის მოძრაობა სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და აკრიტიკებს პოლიტიკის შემოქმედ სამთავრობო უწყებებს, არ ავიწყდება ამ სისტემებში დასაქმებული ადამიანების ღვაწლის აღნიშვნა, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთან, ლგბტ თემის წევრებთან. ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილის სახელით წარდგენილ ნომინანტს ჟიურიმ მხარი დაუჭირა. ჯილდო გადაეცემა იმ პოლიციელს, რომლის მიმართაც თემის წევრებს დიდი ნდობა აქვთ, რადგან იგი გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გარეშე ემსახურება თემის ყველაზე დაუცველი – ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას. “თანასწორობის ჯილდო” გადაეცა პოლიციელ ვარლამ მალანიას.

იური

ჩვენი შემდეგი გამარჯვებულია ადამიანი, რომელსაც მნიშველოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში დრეგ კულტურის განვითარებაში. იგი ხშირად არის წარმოდგენილი “თანასწორობის მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ დრეგ ბოლებზე ჟიურიში, ასევე, სხვადასხვა სახით მხარს უჭერს თემის წევრებს. “თანასწორობის ჯილდო” გადაეცემა იურის.

გაბრიელა

თვითორგანიზება ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. “თანასწორობის მოძრაობა” მიესალმება და ხელს უწყობს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ინდივიდუალური აქტორების გამოჩენას. გაბრიელა სწორედ ის ადამიანია, ვისაც წვლილი შეაქვს ტრანს თემის გაძლიერებაში.  იგი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს თავის დებს.

თამარ მჭედლიშვილი

თამარ მჭედლიშვილი მუშაობდა “თანასწორობის მოძრაობაში” იურისტის პოზიციაზე. ამ პერიოდში იგი სრულყოფილად ასრულებდა თავის საქმიანობას, ხშირად უწევდა სოციალური მუშაკის ფუნქციების შეთავსება და არასოდეს ზარდებოდა იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე მისი პროფესია მოითხოვდა. თამარი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებათა უკეთ გამოძიებაში. მისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას, გვიცხადებს სოლიდარობას განსაკუთრებით სარისკო და მოწყვლად საქმეებზე მუშაობაში, უზრუნველყოფს პოლიციის სწორად ჩართულობას.

ავთანდილ კონცელიძე

დღეს, როდესაც ქვიარ ადამიანები იბრძვიან ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის, ხშირად მათ გვერდით მშობლები, ოჯახის წევრები ნაკლებად დგანან. მშობლები ნაკლებად არიან მზად აღიარონ საკუთარი შვილების სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა და მხარდაჭერა არ მოაკლონ მათ, ვისთვისაც მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანია. “თანასწორობის ჯილდოს” მფლობელი ავთანდილ კონცელიძეა, ტრანსგენდერი გოგოს – ლიკას ბაბუა. ლიკა 24 წლის ასაკში 2018 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებიათ. საფლავის ქვაზე კი მშობლებმა ბიჭის სახელი „ავთუკა“ დააწერეს. ავთანდილ კონცელიძე ლიკას სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა, მაშინ, როცა მასთან არც დედა მიდიოდა, არც მამა, არც ოჯახის სხვა წევრები. იმის მიუხედავად, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ლგბტ+ თემზე, ის მტკიცედ მიიჩნევს, რომ გარიყვა დაუშვებელია. მან დიდი როლი შეასრულა იმითიც, რომ ავთანდილ კონცელიძემ საჯაროდ ისაუბრა ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე ლგბტ+ თემის წევრების მიმართ. ავთანდილ კონცელიძე არის მაგალითი, როგორ უპირობოდ შეიძლება გიყვარდეს საკუთარი ოჯახის წევრი.

და ჩვენ ვიცეკვეთ

ზემოთ ჩამოთვლილი დაჯილდოებულები შეარჩია დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელშიც “თანასწორობის მოძრაობისა” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიდონენ. ბოლო, მეცხრე ჯილდოს კი გასცემს “თანასწორობის მოძრაობა”. არ გვინდოდა, რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩენოდა წლის მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ფილმი, რომლის სანახავადაც ბრიკადებისა და პოლიციის კორდონის გავლა მოგვიწია. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის გამბედაობა, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოიჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი