ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ჩე გევარა

31 მაისი, 2015 • 2730
აფხაზი ჩე გევარა

ცოტა ხნის წინ სოხუმში ერთი ასეთი ამბავი მოხდა, რომლისთვისაც თბილისში ყურადღება არ მიუქცევიათ. არჩევნებში, ერთ-ერთ დასახლებაში 30 წლის თენგიზ აგრბამ გაიმარჯვა, რომელიც აფხაზეთის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გახდა. მისი გამარჯვება თაობების ცვლის სიმბოლოდ შეიძლება განვიხილოთ – საბჭოთა პერიოდის ფუნქციონერების ადგილზე აფხაზეთის ხელისუფლებაში “ომის შვილები” მოდიან.

თენგიზ აგრბას სოხუმში ყველა იცნობს. მას ხშირად ნახავთ სოხუმის სანაპიროზე ფინჯან ყავასთან ერთად. მის ირგვლივ ყოველთვის ბევრი ახალგაზრდაა თავმოყრილი. თუმცა ამ კომპანიაში საუბარი იშვითად შეეხება ფეხბურთის ან სხვა გასართობი საკითხების განხილვას და უფრო მეტად აფხაზეთის პოლიტიკასა და ბედზე მსჯელობენ. თენგიზი ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკური ელიტის ხელმძღვანელია, რომელიც უახლოეს მომავალში აპირებს ხელში აიღოს აფხაზეთის მმართველობა.

ამ ჭრილში თენგიზის ფენომენი კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან სწორედ მის მსგავს ხალხთან მოუწევს თბილისს ურთიერთობა უახლოეს მომავალში. ეს ამოცანა კი ადვილი არ იქნება. თენგიზის თაობა, მათი მშობლებისა და ბაბუებისგან განსხვავებით, არასოდეს ცხოვრობდა ეთნიკური ქართველების გვერდით. იგი ომის შემდეგ გაიზარდა, როცა ადგილობრივი ქართველების უმრავლესობამ დატოვა აფხაზეთი. თენგიზისთვის, ისე როგორც მისი ბევრი თანატოლისთვის, სიტყვა “ქართველი” – აღნიშნავს მტერს, რომელიც ცდილობდა გაენადგურებინა მისი თანამემამულეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აფხაზები იყვნენ და ეს განზრახვა აქვთ დღემდე.

თენგიზი ამაში ღრმადაა დარწმუნებული. ერთი წლის წინ ის სოხუმის ცენტრში, პროტესტანტების პირველ რიგებში იდგა, სადაც წინა აფხაზი ლიდერის ალექსანდრ ანქვაბის გადადგომას მოითხოვდნენ. მიზეზი, მისი აზრით, იყო ძალიან წონადი – ანქვაბი დამნაშავე იყო აფხაზური პასპორტების დარიგებაში გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის, რაც საფრთხეს უქმნიდა… არა აქვს მნიშვნელობა, რა საფრთხეს უქმნიდა, თუმცა თავად ფაქტი, რომ ანქვაბმა გადაწყვიტა გაეკეთებინა რაღაც ქართველებისთვის, მას თენგიზის თვალში მოღალატედ აქცევდა

მხოლოდ ამის გამოც მასთან ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: თენგიზი თვალსაჩინო წარმომადგენელია თაობისა, რომელსაც მე “ომის შვილებს” ვეძახი. მათ მონაწილეობა არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ ცხოვრება მოუხდათ ომის შედეგებით. ეს არის თაობა, რომელსაც არ მიუღია სისტემატიური განათლება და გაიზარდა ომის შემდგომ წესრიგისა და კანონიერების ნაკლებობის პირობებში. როგორც ჩანს, თენგიზის ანტიქართული განწყობაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის იზრდებოდა მონათხრობით, თუ რა საშინლად ექცეოდნენ ქართველი ბოევიკები ადგილობრივ აფხაზებს.

მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მას ძალიან იშვითად ჰქონდა მიზეზი, დაეჭვებულიყო იმაში, რომ თბილისიდან არაფერს კარგს არ უნდა ელოდოს – მთელი ბავშვობა მან ომის შემდგომი ნგრევის, ეკონომიკური ბლოკადის პირობებში გაატარა და მუდმივ საფრთხეში, რომ თუკი რუსული მხარე შეწყვეტს აფხაზების დაცვას, ქართველები აუცილებლად მოვლენ ახალი ომით. ყველა შეკითხვაზე, რომელიც უკავშირდება დანაშაულს, ჯანდაცვას, განათლებას, ეკონომიკას, თითს იშვერდნენ ენგურის მეორე სანაპიროზე: ყველა უბედურებაში “ქართველები” იყვნენ დამნაშავენი.

თენგიზი პოპულარული ერთი ისტორიით გახდა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დროს ჩერქეზების შთამომავლების ჩამოსახლეობას ეხებოდა. დაახლოებით სამი წლის წინ თენგიზმა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ დაიწყეს სახსრების შეგროვება და კონტაქტების დამყარება სირიულ დიასპორასთან. ეს ქმედებები ტარდებოდა ძველი ლოზუნგით – აფხაზური ეთნოსის მცირერიცხოვნობისა და გენოფონდის განახლების აუცილებლობის შესახებ. კამპანიამ ისეთი მასშტაბები და პოპულარობა შეიძინა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას მოუხდა მოსკოვში გამგზავრება და რუს ჩინოვნიკებთან საქმის გარკვევა, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ სირიიდან ჩერქეზების ჩასახლების სადმე, მათ შორის მოკავშირე აფხაზეთში. ყველაფერი რამდენიმე ათეული ლტოლვილის ჩამოსახლებით დასრულდა.

თენგიზის და მისი იდეების პოპულარობაზე მეტყველებს არა მხოლოდ ის, რომ მას ყველა ცნობს ქუჩაში, არამედ ის ფაქტიც, რომ დეკემბერში, შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთ რაიონში მან ლამის მოუგო აფხაზური პოლიტიკის სახელგანთქმულ ვეტერანს, სერგეი შამბას. მაშინაც, ისე როგორც გასული კვირის არჩევნებში, მორიგი აფხაზი მაჟორიტარი გადაიყვანეს მინისტრთა კაბინეტში და მის გათავისუფლებულ ადგილზე გამოცხადდა განმეორებითი კენჭისყრა. ყველასთვის გასაოცრად შამბამ ძლივს დაამარცხა აგრბა – ეს მხოლოდ მეორე ტურში მოხდა, ისიც სულ რაღაც 18 ხმის უპირატესობით.

განმეორებითი არჩევნები გასულ კვირას სოხუმის ერთ-ერთ რაიონში თენგიზისისთვის იყო მეორე მცდელობა, რომ გამხდარიყო დეპუტატი და ამჯერად მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა აფხაზი პარლამენტარი.

თენგიზი არ მალავს, რომ ერთი სადეპუტატო მანდატით არ შემოიფარგლება მისი ამბიციები და ის ხელისუფლების სათავისკენ სვლას აპირებს. მას უკვე ჰყავს თანამოაზრეები, რომლებსაც აფხაზეთში უწოდებენ “აინარელებს”. ეს არის აფხაზური ახალგაზრდული კლუბი, რომელიც ძირითადად მამრობითი სქესითაა დაკომპლექტებული, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ომში და არ შედის ორი ვეტერანული ორგანიზაციიდან არც ერთში, არც “არუაასა” და არც “ამცახარაში”, რომლებიც ბოლო წლებში არიან საფუძველი ადგილობრივი პოლიტიკური სისტემისა: “არუაამ” მოიყვანა ხელისუფლებაში რაულ ხაჯიმბა, “ამცახარამ” – სერგეი ბაღაფში და ალექსანდრ ანქვაბი.

აინარელები” საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენენ, როგორც ნაციონალ-რევოლუციონერები. ისინი გამოდიან რადიკალური რეფორმებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში უნდა შექმნას ძლიერი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც არავისზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის არც რუსეთზე. როგორ უნდა მოხდეს ეს, ამის თქმა ზუსტად არ შეუძლიათ. მაგრამ მყარად სწამთ, რომ ამჟამინდელ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას არ შეუძლია სერიოზული ცვლილებების გატარება.

42587
ფოტო: თენგიზ აგრბას ფეისბუკის გვერდიდან

აინარელები” მოუწოდებენ საზოგადოებას დაუბრუნდნენ “აფსუარას” – ტრადიციულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლითაც აფხაზურ სოფლებში ცხოვრობდნენ საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამდე. თუმცა ვერავინ აგიხსნით, რას ნიშნავს “ცხოვრება აფსუარათუ” დღევანდელობაში. მაგრამ ეს მოწოდება არის სიმბოლო აფხაზური ეთნოსის “ფესვებთან დაბრუნებისა”, რაც თენგიზის და მისი თანამოაზრეების აზრით, დაიკარგა ცარიზმისა და საბჭოთა ხელისუფლების დროს.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გასული წლის აგვისტოში ზოგიერთი “აინარელი” აგიტაციას ეწეოდა რაულ ხაჯიმბას სასარგებლოდ. თუმცა უკვე მაშინვე ცოტა ვინმე თუ თვლიდა საჭიროდ იმის დამალვას, რომ პრინციპში ხაჯიმბა მათაც არ აწყობდათ და რომ თუკი საჭირო იქნება, მასაც “შეუნგერევენ კარს” – გადააყენებენ, თუნდაც ამისთვის ძალის გამოყენება დაჭირდეთ.

თავად თენგიზი საკუთარ თავს ხუმრობით “ფატალისტს” უწოდებს. იგი ჯიუტად აგრძელებს, რომ თანამედროვე აფხაზური ელიტა უნდა შეიცვალოს. ყველაფერი იმის გამოა, რომ ის ძირითადად “მოხუცებისგან” შედგება, რომლებიც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდნენ ომამდე პერიოდში და დაიწყეს კარიერული წინსვლა ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ იყვნენ პარტიული ფუნციონერები და, შესაბამისად, თენგიზის წარმოდგენით, არ შეუძლიათ იმსჯელონ თანამედროვე კატეგორიებით, დაკარგეს (ან საერთოდ არ იცოდნენ) აფხაზური კულტურის საფუძვლები და ჩაეშვნენ ინტრიგებსა და კორუფციაში.

ყველას არ შეუძლია ამგვარი განცხადებებით გამოსვლა პატარა აფხაზეთში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. თენგიზი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დაიწყო ამაზე ხმამაღლა საუბარი, რისთვისაც დაიმსახურა მეტსახელი – ჩე გევარა. მისმა რადიკალიზმმა აფხაზური პოლიტიკური ელიტის მიმართ გამოძახილი ჰპოვა ადგილობრივებში. 30 წლის ახალგაზრდა რაღაცით რობინ ჰუდსაც ჰგავს, რომლის რადიკალიზმისაც უკვე არაერთ აფხაზ პოლიტიკოსს ეშინია და ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან არჩევნებში მისი გამარჯვებით სათავე დაედო ახალ, ომის შემდგომ ეპოქას აფხაზეთში.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი