ნეტგაზეთი | სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე – თალაკვაძე სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე – თალაკვაძე – Netgazeti
RU | GE  

სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს „სავარაუდოდ ქიმიურ შეტევას უწოდებს“.

13:12 საათზე მან პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რადგან ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა იქ გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი არასასიამოვნო სუნი დადგა.

„სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, დღეს ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე“, – განაცხადა თალაკვაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი გამოხმაურებები „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ცოტა ხნით ადრე „ისტერიკად“ შეაფასა: „აღშფოთებული არიან, ტერაქტიაო ყვირიან“; ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ „ასეთი ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში, ასეთი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს, რაც ხდება, იქნებოდა ანეკდოტი“.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოძრაობა „სირცხვილიამ“ ფეისბუკზე დაწერა, რომ ისინი იღებენ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას“. მათ თანახმად, საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხო იყო: „არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com