ახალი ამბები

ქარტია გმობს საპარლამენტო კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევებას

12 დეკემბერი, 2019 • 788
ქარტია გმობს საპარლამენტო კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ჟურნალისტების გაძევებით.

“დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო”, – აცხადებს ქარტია.

როგორც ქარტია აცხადებს, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ჟურნალისტების მონათხრობით (ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს) კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ – მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა., “გამოათრიეთ ეხლავე”, “გამოყარეთ” – ისმის კადრებში.

ჟურნალისტები ქარტიასთან საუბარში ამბობენ, რომ მანდატურების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი უხეში მოპყრობა არ ახსოვთ.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.

კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოაგდეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი