ახალი ამბები

ვიწყებთ კონსულტაციებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით – ენმ

11 დეკემბერი, 2019 • 1688
ვიწყებთ კონსულტაციებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუ ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტი არ გადადგება, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მიზნით ენმ  სხვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

“ე.წ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა მორიგი სამარცხვინო და მოღალატეობრივი განცხადება. ეს განცხადება მორიგია ამ ადამიანის სკანდალურ განცხადებებს შორის, როდესაც ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა ბარამიძემ და ამ კონტექსტში გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება.

“ჩვენ მოვითხოვთ მისგან, დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გაერთიანებული ოპოზიცია ვიწყებთ კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან პარლამენტში, რათა დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების საკითხი”, – განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ “ქართულ ოცნებასაც” შეუძლია, ამ პროცესს შემოუერთდეს.

10 დეკემბერს საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა, რომ “ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცბად დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”.

“ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით”, – განაცხადა მან.

ზემოაღნიშნული განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის საფუძველი გახდა, მათ შორის მმართველი გუნდის მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი მედია დაადანაშაულა ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების დამახინჯებასა და ბულინგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი