ახალი ამბები

ირაკლი კორძაია: გაჩუმება ხარძიანის საქმეზე ვიქტორ ჯაფარიძემ და სოზარ სუბარმა მირჩიეს

1 ივნისი, 2015 • • 8422
ირაკლი კორძაია: გაჩუმება ხარძიანის საქმეზე ვიქტორ ჯაფარიძემ და სოზარ სუბარმა მირჩიეს

ირაკლი კორძაია, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, მოსალოდნელი საფრთხის გამო საქართველოდან 18 მაისს წავიდა, თბილისში გუშინ, 31 მაისს დაბრუნდა. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ბერლინში მას ტელეფონით დაუკავშირდა თბილისიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც უსაფრთხოების გარანტია მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

ირაკლი კორძაია “ნეტგაზეთთან” საუბარში ასახელებს ორ თანამდებობის პირს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომლებიც, მისი თქმით, კაფე “რუმსში” შეხვდნენ ჯერ კიდევ ბესიკ ხარძიანის დასაფლავებამდე.

“შეხვედრის დასაწყისში ბატონი ვიქტორი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა იმ დროს უკვე გარდაცვლილ ბესო ხარძიანს, საუბრობდა მის ადამიანურ ნაკლოვანებებზე. ამ დროს მე უკვე 2 თუ 3 დღის განმავლობაში ვსაუბრობდი ბესოს მკვლელობაზე, რომ ბესოს ჰყავდა ერთადერთი მტერი, ეს მტერი იყო გიორგი უდესიანი, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თავდაპირველად ლაშა ნაცვლიშვილი, შემდეგ პრემიერ-მინისტრის ნათესაობამ, ზვიად ჯანყარაშვილმა და შესაძლოა გია ზედელაშვილმა საერთო გამონახეს ამ ადამიანთან და ამ გამონახვის მიზეზით ხდებოდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეყოვნება, ყოველ შემთხვევაში, ხარძიანის შემთხვევაში ასე იყო…

თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ არსი იყო ერთი რამ, რომ იქნებ შეთანხმდეთო. ასეთი რაღაც მითხრა ბატონმა ვიქტორმა და ალბათ გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ უნდა გავჩუმებულიყავი. ბესოს ემტერებოდა უდესიანი და უდესიანს გარკვეულ მფარველობას უწევდნენ ეს ადამიანები. შეთანხმება უნდა მომხდარიყო, ალბათ, იმ ადამიანებთან, ვის მიმართაც მე გარკვეულ ბრალდებებს გამოვთქვამდი. საუბარში იყო ნახსენები პრემიერ-მინისტრი, უდესიანიც, ჯანყარაშვილიც, ზედელაშვილიც”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ირაკლი კორძაიამ.

მისივე თქმით, კონკრეტული თანხა, რის სანაცვლოდაც ის უნდა გაჩუმებულიყო, არ დასახელებულა აღნიშნული საუბრის დროს.

იხილეთ ვრცლად ირაკლი კორძაიასთან ვიდეოინტერვიუ:

შეხვედრა “რუმსში” ნამდვილად რომ შედგა, ეს “ნეტგაზეთთან” საუბარში დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა.

“დავურეკე ირაკლის, საქმე მქონდა, შევხვდი “რუმსში”, სოზარი დაგვხვდა იქ, სტუმრებთან ერთად იყო. მე და ირაკლი ვსაუბრობდით და მერე სოზარიც გადმოვიდა ჩვენს მაგიდასთან”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჯაფარიძემ.

იყო თუ არა საუბარი ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე? – ამ კითხვაზე ჯაფარიძემ უპასუხა: “ჭორიკნობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ირაკლი კორძაიამ რაც ამ თემის ირგვლივ ილაპარაკა, ყველაფერი ტყუილი იყო. საიდუმლო რომ მქონოდა, კაფე რუმსის გარდა ადგილს ვერ ვნახავდი ირაკლისთან შესახვედრად? პირველად ხომ არ შევხვედრივარ მას?! თუ რაიმე კანონსაწინააღმეგო ვთქვი მასთან, თქვას. მე არ მესმის, ჩვენი შეხვედრა რა საჭორიკნო იყო?!”

ვრცლად ამ თემაზე ვიქტორ ჯაფარიძესთან სატელეფონო ინტერვიუს მოუსმინეთ აქ:

სოზარ სუბარმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ის არაერთხელ შეხვდა ირაკლი კორძაიას, თუმცა კონკრეტულად რუმსში შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს: “ერთი ხუთჯერ ვარ შეხვედრილი იმ დღეებში ირაკლი კორძაიასთან, ხან ჩემი ინიციატივით და ხან მისი, და რა მნიშვნელობა აქვს, სად და ვისთან ერთად შევხვდი. არანაირ მორიგებაზე საუბარი არ ყოფილა, სისულელეა ეს. მეტს აღარ ვაპირებ ამ თემაზე ჭორაობას”, – განაცხადა სუბარმა.

ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმის გამოძიება პროკურატურას არ დაუსრულებია, თუმცა ცნობილია, რომ მკვლელობის შემსრულებელი პირი იდენტიფიცირებულია და მან უკვე შეძლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა.

 

ხარძიანის ოჯახის ახლობელთა ნაწილი, მათ შორის კორძაია, აცხადებდნენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან (წინა ხელისუფლების დროს სპორტის მინისტრის მოადგილე) მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს ბიზნეს-დავა ჰქონდა.

მკვლელობის დღეს, 28 მარტს “იმედის” ეთერით ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ უდესიანის გარდა ამ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილი (“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე იკავებდა მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას) და ზვიად ჯანყარაშვილი (პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, რომელსაც ეკავა შსს გენინსპექციის უფროსისა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობები) ფიგურირებენ.

ირაკლი კორძაიას იმ პერიოდში, როცა სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, ამავე უწყების მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა, თუმცა ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ტელეკომპანია “კავკასიაში” მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი