ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს

11 დეკემბერი, 2019 • 1667
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 6 დეკემბერს შამქირის სასაზღვრო დანაყოფი ჯეირანჩოლის საზღვართან თვალყურს ადევნებდა მწყემსის გადაადგილებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. უწყების ინფორმაციით, ცხვრის ფარის გადარეკვის მცდელობისას მესაზღვრეებს თავს დაესხა 10-მდე ძაღლი, გაფრთხილების შემდეგ კი მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს ძაღლების მიმართულებით.

აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მესაზღვრემ შენიშნა, რომ მწყემსი ძირს იწვა და თავის არეში ნაიარევი ჰქონდა, აღმოუჩინეს მას პირველადი დახმარება და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაშავებული 1993 წელს დაბადებული რამინ ნიზამი ბაშიროვია, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი. მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდართან დაკავშირებით ქართულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ასკერ ხალილოვმა. გამოძიებას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური და სამხედრო პროკურატურა ატარებენ.

გუშინ, 10 დეკემბერს, ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ. “მთავარი” მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთის მიხედვით, მწყემსს ცხვრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაექცა, სადაც გადავიდა და მესაზღვრეებმა ესროლეს; მეორე ვერსიით, მესაზღვრეებმა ძაღლს დაუმიზნეს, თუმცა ტყვია მწყემსს მოხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას “ინციდენტის შესახებ”, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაზარალდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

“საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი მოინახულეს შსს-ს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველი ორგანოები”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი