ახალი ამბები

ყველა აძლევს თავს ნებას, საქართველოზე წეროს ლეგიტიმაციის გარეშე – პრეზიდენტი

10 დეკემბერი, 2019 • 1025
ყველა აძლევს თავს ნებას, საქართველოზე წეროს ლეგიტიმაციის გარეშე – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, დღესდღეობით საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ის ადამიანები, რომელთაც ამის ლეგიტიმაცია საქართველოში ცხოვრებით და რომელიმე უნივერსიტეტში საქმიანობით არ მიუღიათ.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე განაცხადა.

“განსხვავებით წინა პერიოდებთან, ის უცხოელები, რომლებიც დღეს წერენ საქართველოზე, ან არიან უარყოფით დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ, ანდა არა აქვთ ის ცოდნა და კომპეტენცია (გამონაკლისები არსებობენ), რომელიც მოდის იმისგან, რომ ქვეყანაში იყავი, ენა იცი და ჩვენს მეცნიერებთან ერთად გახდი შენ თვითონ მეცნიერი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პირველ რიგში ეს ეხება ქართველოლოგიას, მაგრამ- არამხოლოდ.

“პოლიტოლოგიაში იგივეა. მე კარგად ვიცი, რა იწერება საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ. ყველა თავის თავს ნებას აძლევს, რომ საქართველოს შესახებ რაღაცა წეროს ისე, რომ არავინ მას არ მისცა ის ლეგიტიმაცია, რომ დაწეროს საქართველოს შესახებ. ეს არ არსებობს არცერთი სხვა ქვეყნის მიმართ. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ვინმე გახდეს დღევანდელ დღეს ესპანეთის და ესპანური კულტურის სპეციალისტი ისე, რომ თავის მოღვაწეობის რაღაც პერიოდი არ გაატაროს ესპანეთში და იქ რომელიმე უნივერსიტეტში არ მიიღოს ის ლეგიტიმაცია, რომელიც აუცილებელია, თუ მეცნიერი ხარ და არა უბრალოდ ზედაპირულად წერ რაღაც საკითხებზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული სამეცნიერო საზოგადოება, პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, რომ გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად, კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“.

“ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ“, – აღნიშნულია მეცნიერების მიერ ხელმოწერილ მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი