ახალი ამბები

უთანასწორობით ყველაზე გამორჩეული ქვეყანა ვართ – დეპუტატი ღარიბ და მდიდარ ბავშვებზე [PISA-ს კვლევა]

10 დეკემბერი, 2019 • 1852
უთანასწორობით ყველაზე გამორჩეული ქვეყანა ვართ – დეპუტატი ღარიბ და მდიდარ ბავშვებზე [PISA-ს კვლევა]

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2019 წლის მიმოხილვას, რომლის მიხედვითაც ღარიბი ბავშვები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მდიდარ ბავშვებს განათლების დონის მიხედვით, დღეს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საგანგაშო უწოდა.

„საგანგაშო მაჩვენებელია – რეგიონისა და ქალაქის ბავშვებს შორის განსხვავება არის თითქმის 45 სატესტო ქულა, მაგრამ კიდევ უფრო დამაფიქრებელია ღარიბ ოჯახებსა და მაღალშემოსავლიან, შედარებით უზრუნველყოფილ ოჯახებს შორის [განსხვავება], რომელიც თითქმის 80 ქულას აღწევს. ამ ბავშვებმა სამი წლით უფრო მეტი უნდა ისწავლონ, რომ თავიანთ თანატოლებს დაეწიონ“.

ბექა ნაცვლიშვილმა სამინისტროს მიერ განათლების რეფორმაზე საუბარი შეაფასა, როგორც „რეფორმის იმიტაცია“ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა ბიუჯეტში ამ კუთხით მეტი ფინანსური რესურსი გაითვალისწინოს:

„დღეს არის ბიუჯეტის განხილვა, მე მინდა მივმართო მთავრობას, რომ პირველი ნაბიჯი მაინც გადადგას და, შესაბამისად, სკოლებში დამატებით [არაგახანგრძლივებლი კლასი კლასიკური გაგებით] დრო დაამატოს, კლასი დაამატოს იმისთვის, რომ ის ბავშვები, რომლებსაც წვდომა არ აქვთ კულტურულ კაპიტალზე ხშირ შემთხვევაში, წვდომა არ აქვთ ელემენტარულ პირობებზე, როგორიც არის ინტერნეტი და წვდომა არ აქვთ ელემენტარულ საბაზისო რესურსებზე, რომელმაც მათი განვითარების საფუძველი უნდა შექმნას, სკოლაში მაინც იქნას უზრუნველყოფილი ის, რომ ეს მასწავლებლები ინდივიდუალურად დაუჯდნენ მათ [რადგან მათ მომავალში რეპეტიტორის შესაძლებლობა არ ექნებათ] და ეცადნონ, რომ ეს ბავშვები სკოლას რომ დატოვებენ, ყოველდღიური სამეცადინო გაკვეთილები მაინც მომზადებული ჰქონდეთ.

სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენა ასეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, თუ ჩვენ ინდივიდუალურად თითოეულ ბავშვზე არ ვიზრუნებთ, ეს განსხვავება ისევ გაიზრდება… უთანასწორობა ძალიან დიდი ამ ქვეყანაში, გამოვირჩევით უთანასწორობის ინდექსით და ჩვენ რომ რეიტინგებით მოგვაქვს თავი, აი ამ რეიტინგს შეხედეთ – უთანასწორობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა ვართ და ეს ბავშვები, რომლებიც ამ უთანასწორო ყოფაში იმყოფებიან, იქნებიან მომავალში მოკლებული განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ ძალიან დამავალებს მთავრობა, რომ ამ ტიპის მასწავლებლების შტატები დაამატოს, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ მომზადებას სკოლაში“.

PISA-ს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ღარიბ და მდიდარ მოსწავლეებს შორის საგანგაშო უთანასწორობაზეა საუბარი, ნეტგაზეთმა სცადა განათლების სამინისტროსთვის შესაბამისი კითხვები დაესვა, თუმცა სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი