ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილი: გეუბნებოდით, ეს გამოიწვევდა ხელისუფლების ნდობის სრულ განადგურებას

10 დეკემბერი, 2019 • 3446
თამარ ჩუგოშვილი: გეუბნებოდით, ეს გამოიწვევდა ხელისუფლების ნდობის სრულ განადგურებას

„დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა პირველად გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ შეიძლებოდა ეს კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ცვლილებები არ ყოფლიყო მიღებული, გეუბნებოდით რამდენიმე რამეს, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასვლას, გამოიწვევდა უკიდურესად გამწვავებას პროცესების ქვეყანაში და ეს ასეც მოხდა.

ასევე გეუბნებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა უმრავლესობის და ხელისუფლების ნდობის სრულ განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტარებს თამარ ჩუგოშვილმა. ის პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერია.

თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო მოდელის შემოღების შესახებ.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რას ამბობენ საქართველოს პარტნიორები ბოლოდროინდელ პროცესებზე, ან რას წერენ გავლენიანი მედიაგამოცემები.

„პარტნიორების მხარდაჭერა და ნდობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ“, – დასძინა დეპუტატმა.

თამარ ჩუგოშვილმა ახსნა, რატომ არის არსებული საარჩევნო მოდელი უსამართლო.

„ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას… ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, ეს ცვლილება ყოფილიყო მიღებული…. ეს სისტემა სტაბილურობას კი არა, უზრუნველყოფს ქუჩას, უზრუნველყოფს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისებს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა ერთ-ერთმა ლიდერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე თქვა, რომ შეშინებულია. დეპუტატმა განმარტა, რომ მას „ხელოვნური და მართული პროტესტი“ უფრო აშინებს, ვიდრე ოპოზიციის ზოგიერთ შემთხვევაში „პროტესტის გამოხატვის უკანონო გზები“.

„…არ ვიზიარებ იმ უკანონო გზებს, რომლებსაც ოპოზიცია იყენებს პროტესტის გამოხატვის დროს ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ მე უფრო მეშინია იმ ხელოვნური პროტესტის, რომელიც ბოლო პერიოდში ორგანიზდება, ერთმანეთთან შეჯახება ხდება ჩვენი მოქალაქების, პარტიების მხარდამჭერების, ეს არის ძალიან საშიში პროცესი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი