ახალი ამბები

“ეს არის მხარეთა შეცვლა” – ევროპარლამენტარი ენმ-სა და “ოცნებაზე”

9 დეკემბერი, 2019 • 1581
“ეს არის მხარეთა შეცვლა” – ევროპარლამენტარი ენმ-სა და “ოცნებაზე”

ევროპარლამენტარ, გერმანელი მწვანეების წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის დროზე ენმ-ს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის საქციელი საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით გულს სწყვეტს.

ეს განცხადება ევროპარლამენტარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “კვირის ინტერვუში” გააკეთა, იმის შემდეგ, რაც მას ჰკითხეს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და ამით ხომ არ აიხსნება გუშინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შედარებით შერბილება დღეს.

კრამონი პასუხობს, რომ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და ამატებს:

“ძალიან ფრთხილად რომ გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები გამოხატა და მისებურად ზეწოლა მოხადინა.. ეს არის ძალიან გასაბრაზებელი იმიტომ რომ, 2012 წლის ციტატა მოიყვანეთ და მე მაშინ მასთან ერთად, მის გვერდით ვიბრძოდი , როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში – მათ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან განსადევნად.

ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ჩვენ ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს… იგივე რასაც დღეს აკეთებს “ქართული ოცნება“…. ეს არის მხარეთა შეცვლა, რომელმაც გული დამწყვიდა, გამაწბილა და იმედი მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი კიდევ დაუფიქრდება იმას, რომ დროულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და სამართალი, რათა სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები,“ – ამბობს კრამონი, მისი სიტყვების თარგმანს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეამ არ გაიზარა რეზოლუციის პროექტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მათი პარტნიორი ევროპარლამენტის წევრების მიერ შეტანილი დამატება, რომლის მიხედვით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წელს არ დანიშნა პროპორციული სისტემით არჩევნები. ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ პირადად ის ამ ჩანაწერს მხარს უჭერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი