საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰესების კასკადის ობიექტებზე გაიარეს.

პრაქტიკა მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე, გულისხმობდა ენერგოობიექტების დეტალურ მიმოხილვას, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და ინსტრუქტაჟს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი შეირჩა, როგორც მათი პრაქტიკის ობიექტი.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ შუახევი ჰესის ყველა მნიშვნელოვან ობიექტს.

რა თქმა უნდა, მათი ვიზიტი დაიწყო ჰიდროელექტროსადგურიდან, რომელიც ჩვენი კასკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ასევე, სტუდენტებმა მოინახულეს სხალთა ჰესი, დიდაჭარის კაშხალი და სრული ინფორმაცია მიეწოდათ ყველა ობიექტის ოპერირების შესახებ.

შუახევი ჰესი ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის ტექნიკურ მონაცემებს, ჩვენ მუდმივად მივყვებით მსოფლიო პროგრესს და ვცდილობთ, ყოველწლიურად დავგეგმოთ ახალი მიდგომები, ახალი ტექნოლოგიები და მზად ვართ, ეს ცოდნა გავუზიაროთ როგორც სტუდენტებს, ასევე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რადგან მიგვაჩნია რომ განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ – ამბობს იზა გოცაძე, აჭარისწყალი ჯორჯიას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

პრაქტიკის დაწყებამდე სტუდენტებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა უმასპინძლა და კომპანიის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა მფლობელების, კრედიტორების, მენეჯმენტის, სტრუქტურის, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების, განხორციელებული და დანერგილი ინოვაციების და სხვა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციას.

უშუალოდ სასწავლო პრაქტიკას რაც შეეხება, სტუდენტებმა პირველ რიგში დეტალური ინსტრუქტაჟი გაიარეს ენერგოობიექტის უსაფრთხოების მენეჯმენტში, განიხილეს უსაფრთხოების წესები და მისი პრაქტიკული დანერგვის გზები.

თინათინ ჭყონია, ჯიპას პროფესიული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, განმარტავს, რატომ იყო ეს პრაქტიკა მათთვის მნიშვნელოვანი: „ჩვენ ვსწავლობთ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტს და შესაბამისად, ჰიდროენერგია მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი პროგრამის.

პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეთვალიერებინა სამი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი.

ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია და ზუსტად ამავე პრინციპით, ძალიან საინტერესო იყო როცა ადგილზე შეგვეძლო გვენახა როგორც სათავე ნაგებობა, ასევე გამშვები პუნქტი და ენერგეტიკული კვანძი.

ახლა, მაგალითად, ვიმყოფებით დიდაჭარის კაშხალზე, სადაც არის შედარებით წყალუხვობა და საშუალება გვაქვს ვნახოთ როგორ ჩაედინება წყალი. ეს საინტერესო სანახავია, არა მარტო პროფესიულად, არამედ ვიზუალურადაც ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია.

ასევე მნიშვნელოვანი იყო და ვიზუალურად შთამბეჭდავი, შედარებით უფრო პატარა, მაგრამ ამავე კომპლექსის ნაწილი სხალთის ჰესი, რომელიც გამოკვეთილ კლდეში განთავსებული ენერგო ობიექტია. აქ შეგვიძლია გენერატორები და ჰიდროენერგეტიკის ინფრასტრუქტურა ძალიან თვალსაჩინოდ, პატარა სივრცეში დავინახოთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ეს პრაქტიკა, რადგან შეგვეძლო დაგვენახა ის, რასაც მანამდე თეორიულად ვსწავლობდით ან სხვა, უფრო პატარა ჰესების მაგალითზე ვნახულობდით.

ასევე, ძალიან კარგი იყო ტრენინგი, რომელიც აქ არსებულმა პერსონალმა ჩაგვიტარა და მოგვცა საშუალება უფრო დეტალურად და კარგად გაგვეგო თითოეული მოწყობილობის მოქმედება და შინაარსი“ – გვითხრა სტუდენტმა.

შუახევის ელექტრო სადგურში დაათვალიერეს და განიხილეს ენერგობლოკი და ელექტროენერგიის გენერაციის დანადგარები, ტურბინები და გენერატორები, მართვის ოთახი და ციფრული მონიტორინგის სისტემები და წყლის მიმღები ინფრასტრუქტურა.

სხალთა ჰესზე სტუდენტებმა დაათვალიერეს ობიექტის ენერგობლოკი და რეზერვუარი, ადგილზე ნახეს ტურბინები და გენერატორები და ინფორმაცია მიიღეს აღჭურვილობის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ.

სტუდენტური პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დიდაჭარის კაშხალიც, სადაც პროექტის მონაწილეებმა განიხილეს გვირაბის გაყვანის სამუშაოები და კაშხლის მშენებლობისა და ტექნიკური მოვლის დეტალები.