საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს, რომლებიც “არჩევნების გაყალბებასა და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას” აპროტესტებენ.
მათი თქმით, იმედი აქვთ, რომ ბათუმელი სტუდენტების პროტესტი ახალგაზრდების საპროტესტო შემართებას განაახლებს.
“ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო”, – წერს ჯიპას სტუდენტური მოძრაობა.
ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.
სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გაფიცვა გუშინ, 14 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტში გაათიეს. ახალგაზრდები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში პარტიულ ყრილობებზე დადიოდა.
სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და ამბობენ, რომ დროა სხვა ახალგაზრდებმაც გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის აქტიურობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად.
„უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე, შადრევანთან, დღეს, საღამოს 6 საათზე ველოდებით სტუდენტებს. მინდა ყველას ვუთხრა – თქვენი ხმა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ახალგაზრდები ვართ ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვნები და სწორედ ჩვენი ვალია სწორი კურსით წავიყვანოთ ქვეყანა და არ მივცეთ არავის საშუალება, მომავალი წაგვართვას“ ,– უთხრა „ბათუმელებს“ საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა ქეთი პაქსაძემ.