ნეტგაზეთი | თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართება თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართება – Netgazeti
RU | GE  

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართება

8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები” უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები მიიღებენ მონაწილეობას. სესიის ფარგლებში ენერგო უსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

სესია მუშაობას 9 დეკემბერს შეუდგება და მას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახსნის. დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტი კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები, ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

ასამბლეა ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ-პოლიტიკურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციებს მიიღებს. ასამბლეა თბილისში მუშაობას 10 დეკემბერს, ანდრიუს კუბილიუსისა და ივან კრულკოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულებს.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში დაფუძნდა. დამფუძნებელ აქტს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის პრეზიდენტებმა და ევროპარლამენტის წევრებმა მოაწერეს ხელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.