საზოგადოება

EU-სთან დაახლოების მაჩვენებლებით სომხეთმა საქართველოს გადაუსწრო | EaP-ის ინდექსი

14 ივლისი, 2025 •
EU-სთან დაახლოების მაჩვენებლებით სომხეთმა საქართველოს  გადაუსწრო | EaP-ის ინდექსი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით საქართველოს გადაუსწრო კანდიდატის სტატუსის არმქონე სომხეთმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი 6 ქვეყანაში — აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა — რეფორმების განხორციელების ყოვლისმომცველი მიმოხილვაა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით აქვეყნებს.

ინდექსის მე-10 გამოცემა მოიცავს 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდს, რამდენიმე განახლებით და მითითებით 2025 წლის მარტამდე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი აფასებს სამ თემატურ სფეროს:

  • დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა;
  • ევროკავშირთან პოლიტიკის კონვერგენცია (თავსებადობა);
  • მდგრადი განვითარება.

თემატური სფეროები, თავის მხრივ, ჩაშლილია ქვეთავებად.

დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის ნაწილში საქართველო 0,56 ქულით მხოლოდ ბელარუსს (0,20 ქულა) და აზერბაიჯანს (0,31 ქულა) უსწრებს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოლდოვას (0,79 ქულა), უკრაინას (0,72) და სომხეთს (0,70).

თავსებადობის კომპონენტში საუკეთესო შედეგები აქვთ საქართველოსა და მოლდოვას (0,70 ქულა), რომელთაც მოსდევს უკრაინა და სომხეთი (0,64 ქულა).

მდგრადი განვითარების ნაწილში კი ლიდერობენ ბელარუსი (0,72 ქულა) და მოლდოვა (0,71 ქულა).

ევროკავშირთან დაახლოების საერთო ქულები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • მოლდოვა — 0,73
  • უკრაინა — 0,67
  • სომხეთი — 0,64
  • საქართველო — 0,63
  • აზერბაიჯანი — 0,46
  • ბელარუსი — 0,44

ანგარიშის თანახმად, ინდექსში საუკეთესო შედეგების მქონე მოლდოვამ და უკრაინამ პროგრესი განიცადეს სახელმწიფო ანგარიშვალდებულებაში, დამოუკიდებელ მედიაში, საბაზრო ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და სატრანსპორტო პოლიტიკაში, თუმცა დარჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა მუდმივი ძალისხმევა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და დაცვის მექანიზმების, დემოკრატიული უფლებების, არჩევნებისა და პლურალიზმის, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთო ქულა 2023 წლის ანალოგიურია, დემოკრატიული უფლებების, არჩევნებისა და პლურალიზმის, სახელმწიფო ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებელი მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მკვეთრი ვარდნა ხაზს უსვამს ევროკავშირის ნორმებიდან მნიშვნელოვან გადახვევას. ხოლო სომხეთის მესამე ადგილზე ასვლა ევროკავშირთან დაახლოებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები კვლავ რჩება. ქვეყნის პროგრესი ასახავს მზარდ პერსპექტივას და მას მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი დემოკრატიული ერთგულება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის დასკვნები ეფუძნება 60-ზე მეტი დამოუკიდებელი ექსპერტის წვლილს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. საქართველოდან ანგარიშის შედგენაში მონაწილეობდნენ გიორგი ბაბუნაშვილი, გიორგი დავითური, კახა გოგოლაშვილი, მანანა ქოჩლაძე, ეკატერინე ციმაკურიძე და ოთხი ანონიმური ექსპერტი. დამოუკიდებელ რეცენზენტებს შორის იყვნენ ოლგა ბურლიუკი და თინათინ ახვლედიანი.

ანგარიშში მოცემული ინფორმაცია და შეხედულებები ეკუთვნის ავტორებს და აუცილებელი არ არის, რომ ასახავდეს ევროკომისიის ოფიციალურ მოსაზრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი