ახალი ამბები

მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას – ეუთო-ს 15 ქვეყნის განცხადება

7 დეკემბერი, 2019 • 1811
მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას – ეუთო-ს 15 ქვეყნის განცხადება

ბრატისლავაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადების ავტორები გმობენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, არ შეუქმნას დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

“შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობის გამო სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, ამ მხრივ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკა, ასევე, ხაზგასმულია საქართველოსა  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის შუამდგომლობით გაიმართა.

აღნიშნული განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი