ახალი ამბები

პეტრე ცაავა თავისი მედიის შექმნას გეგმავს – „ფორმულა ტვ“

5 დეკემბერი, 2019 • 2257
პეტრე ცაავა თავისი მედიის შექმნას გეგმავს – „ფორმულა ტვ“

მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავა აპირებს, საინფორმაციო ონლაინგამოცემა შექმნას. ეს ცნობა თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა 5 დეკემბერს.

არხთან საუბარში პეტრე ცაავა ამბობს, რომ გამოცემას საპატრიარქოსგან მომავალი ინფორმაციის გადასაფარად გამოიყენებს:

„ვაპირებთ, რომ საინფორმაციო წყარო შევქმნათ, საზოგადოებას დავეხმაროთ, მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ სიცრუის ნიაღვარი, რომელიც მოდის საპატრიარქოდან, ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრისტიანობა“.

ფორმულას თანახმად, პეტრე ცაავა ამბობს, რომ „არსებობენ შემომწირველები, რომლებიც საპატრიარქოს სამხილებლად ონლაინგამოცემას ვიდეოაპარატურას გადასცემენ“.

მისი თქმით, მედიაგამოცემაზე ამ ეტაპზე„იდეის დონეზე“ მუშაობენ, ხოლო კითხვაზე, როდისთვის გეგმავს ჩაშვებას, პასუხობს: „როცა ინებებს უფალი“.

 

„ნეტგაზეთმა“ უშედეგოდ სცადა პეტრე ცაავასთან დაკავშირება დამატებითი დეტალების გასარკვევად.

სინოდის 31 ოქტომბრის ცნობილი სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ [ჰომოფობიური ენით] განაცხადა, რომ პატრიარქი ილია II „პედერასტიასა და მამათმავლობაში ამხილა“.

იმავე დღეს, სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა იგი ჩამოაშორა ეპარქიას, გაათავისუფლა სინოდის წევრობისგან, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი