ახალი ამბები

“სახლიდან ვადიდოთ ღმერთი” – მიტროპოლიტი პეტრე

24 მარტი, 2020 • 5138
“სახლიდან ვადიდოთ ღმერთი” – მიტროპოლიტი პეტრე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ფიქრობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით მსჯელობა დააგვიანა. მისი თქმით, ასევე, გაუგებარია, რატომ არ იყო შეთანხმებული მოქმედება საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის სინოდის სხდომის გამართვამდე.

“ჩვენ ვცხოვრობთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში და სინოდის მოწვევამდე საპატრიარქოს თუ სინოდის კრების ორგანიზატორებს კონსულტაციები უნდა გაევლოთ ხელისუფლებასთან. თუ ეს კონსულტაციები იყო და საპატრიარქომ იცოდა, რომ მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადებულიყო და ეს არ აისახა სინოდის გადაწყვეტილებაში, ვეჭვობ, მაშინ ორპირობასთან და ინტრიგასთან გვაქვს საქმე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მიტროპოლიტმა პეტრემ და დასძინა, რომ პოსტ-ფაქტუმ პრემიერ-მინისტრის საპატრიარქოში მისვლა გიორგი გახარიას მორიგი უსუსურობაა.

მისი აზრით, კრიზისულ სიტუაციაში კოორდინაცია თავიდანვე საჭირო იყო და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საბჭოში სინოდის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული და საბჭოს გადაწყვეტილებები “შეჯერებული მართლმადიდებლურ სწავლებასთან”.

“თუ მიგიქცევიათ ყურადღება, მაღალი იერარქი, ეპისკოპოსი დგას არწივზე. ეს იმიტომ, რომ არწივს აქვს საუკეთესო მხედველობა მაღალი სიმაღლიდან. ეს ფუნქცია უნდა ეტვირთა ეკლესიას. ჩვენ პირიქით დავინახეთ: ჯერ პატრიარქის განცხადება, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო საშიშროება არ არსებობდა; შემდეგ რაღაც გამოცხადება და რეცეპტი წყალში შეზელილი ტალახის სახით – უგუნურებას დავარქმევდი ამას.

ასე რომ, პირიქით აღმოჩნდა – ეკლესიამ ხელი შეუწყო ხელისუფლების და საზოგადოების უყურადღებობას და გულგრილობას მოახლოებულ განსაცდელთან მიმართებით”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში მეციხოვნის როლი, რომელიც ეკლესიამ ვერ იტვირთა, ქართულმა ჟურნალისტიკამ, მასმედიამ შეასრულა – პირველმა ატეხა განგაში და გამოაფხიზლა საზოგადოება და ხელისუფლება, რომელიც იძულებული გახდა, დროულად გადაედგა შედარებით ადეკვატური ნაბიჯები. თუმცა, პეტრე ცაავას აზრით, აქცენტის გადატანა საერთო კოვზით ზიარებაზე იყო შეცდომა.

“სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ  და ამ შემთხვევაში ადამიანებს მოვუწოდოთ, ვურჩიოთ, რომ უმჯობესია,  სახლიდან ვადიდოთ ღმერთი და სახლი, ოჯახი ვაქციოთ ჩვენს ეკლესიად – ეს იყო გასათვალისწინებელი, რაც დღემდე არ მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრონციპით მცხეთა-თბილისის ეპარქია გონს მოეგება.

ამ მმართველობისგან კარგს არაფერს ველოდები, მაგრამ ვფიქრობ, იძულებით გადაიდგმება ადეკვატური ნაბიჯები და მრევლს მაქსიმალური  სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა ისინი უნებლიეთ არ აღმოჩნდნენ იარაღი ბოროტის ხელში, რომელსაც სურს, მაქსიმალურად გაავრცელოს ეს ვერაგი დაავადება”, – გვითხრა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მისი თქმით, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ “სული სხეულზე ბევრად ძვირფასია და სულის გადარჩენა ჩვენი მოვალეობაა”, მაგრამ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისადმი სერიოზულობით მოკიდება “არანაირად არ ნიშნავს სულის დაკნინებას”.

“რამდენიმე თვე გაგრძელდება, ალბათ, ეს განსაცდელი და ჩვენზეა დამოკიდებული, გავახანგრძლივებთ ამ განსაცდელის დროს, თუ შევამცირებთ და აღვკვეთთ მას, ხოლო ეკლესია უნდა იყოს ამ პროცესის ავანგარდში”, – დასძინა ყჭონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინდოდის 20 მარტის განჩინებით, კორონავირუსის ფონზე ეკლესია უარს ამბობს ღვთისმსახურების შეჩერებასა და ზიარების წესის ცვლილებაზე.

სინოდის განჩინება: არ ჩერდება ღვთისმსახურება და არც ზიარების წესი იცვლება

მასალების გადაბეჭდვის წესი