თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ფუნქციას შეიძენს თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი კუნძული, რომელიც დღემდე სრულიად უფუნქციოა, მაშინ, როდესაც ის დედაქალაქის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ფუნქციას შეიძენს მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა, ამბობს მერი. 500 000 კვადრატულ მეტრზე აშენდება პარკი. კონცეფციის პრეზენტაცია მერიამ დღეს გამართა.
„დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაყრელად იყო ქცეული, მოწესრიგდება და დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატება. ეს იყო ჩემი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, ერთ-ერთი დაპირება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას თქმით, ახალი ფუნქციით დაიტვირთება თბილისის გარეუბანი და იქ ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც ამ უბნების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის. კონცეფციის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია კაფეების, სასტუმროების, სამუზეუმო სივრცეების მოწყობა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო ბილიკები; მოეწყობა ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებს.
კონცეფია გამწვანებული სივრცეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის აშენებას ითვალისწინებს, რომელიც სტუმრებს კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მისცემს – კაფეები, საგამოფენო პავილიონები, სპორტული მოედნები, მცირე ზომის სასტუმროები.
მერიის განმარტებით, პარკის ანალოგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს: მადრიდში – Madrid RIO-ს პარკი, ნიუ-იორკში – Hunters Point–ის პარკი და ჩინეთში – Zhongshan-ის ნავსაყუდელი.
მერიის ცნობით, თბილისის არქიტექტურის სამსახური მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, მოამზადებს ტექნიკურ დავალებას, რის შემდეგაც დედაქალაქის მერია დეტალური პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.