ახალი ამბები

მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაწყებას 2020-ში გეგმავს

4 დეკემბერი, 2019 • 1069
მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაწყებას 2020-ში გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება. მანამდე კი, როგორც კალაძე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამბობს, შაბათს პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავს.

კალაძე ასევე ამბობს, რომ ვაკის პარკის დამპროექტებელი კომპანია უკვე შერჩეულია და ის ბრიტანული CBA იქნება. სწორედ ეს კომპანია, მერის თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს თავის ხედვას წარდუგენს.

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მერია ჯერ კიდევ 2018 წელს ამბობდა, რომ ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს.

თუმცა მაშინ მერიის მიერ დაყენებულ კრიტერიუმებს ფართო კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ არარეალური პირობების გათვალისწინებით, არსებობს ეჭვი, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებს პროექტი 90 დღეში უნდა წარედგინათ, რაც მსურველების ნაწილის თქმით შეუძლებელი იყო.

მაშინ ეს პროექტი არ შედგა, ვინაიდან  მიზეზი ის გახდა, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუხატავს.

ვაკის პარკისა და იქ არსებული შადრევნების რეაბილიტაციის შესახებ კახა კალაძემ 2019 წლის ივნისშიც ისაუბრა. მაშინ უწყებამ წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოაცხადა.

„პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი ხე- მცენარეები. რეაბილიტირებული პარკით თითოეული ჩვენგანი იამაყებს. რაც შეეხება გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას, ის 613 600 ლარს შეადგენს“, – ამბობდა ივნისში კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი