ახალი ამბები

ვაკის პარკის პროექტის კონკურსი არ შედგა

28 სექტემბერი, 2018 •
ვაკის პარკის პროექტის კონკურსი არ შედგა

ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს პროექტი უნდა წარედგინათ 90 დღის განმავლობაში, არ შედგა. მიზეზი კი ის გახდა, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუხატავს.

აღნიშნული კონკურსი გამოცხადებისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი. მონაწილეობის მსურველებისა და ექსპერტების ნაწილს მიაჩნდათ, რომ 90 დღე პროექტისთვის საკმარისი არ იყო, მერია კი საპირისპიროს ირწმუნებოდა.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, ვაკის პარკის პროექტისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 475 000 ლარი იყო. ამავე დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს ისეთ რეაბილიტაციას, რომელიც მნიშვნელოვან ჩარევებსა და გადაკეთებებს არ ითვალისწინებს. საპირწონედ კი, სრულიად შეინარჩუნებს სარეკრეაციო ზონების ისტორიულ იერსახეს. გარდა ამისა, კონკრუსს აკრიტიკებდნენ განმხილველი კომისიისა და მონაწილე კომპანიებისთვის დადგენილი კრიტერიუმების გამოც.

გარდა ვაკის პარკისა, თბილისის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციასაც გეგმავს. პროექტის მიწოდების ვადა ამ შემთხვევაში 80 დღეა. აღნიშნულ კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია – “შპს არქიტექტორები.ჯი2” დარეგისტრირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი