ახალი ამბები

დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა

3 დეკემბერი, 2019 • 934
დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე შეირჩა 47 შშმ პირი.

ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, მომავალი წლის 14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონებში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება და ვიცით, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულად დგას შშმ პირთა დასაქმების საკითხი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მთელ ქვეყანაში უნდა გაიშალოს. მომავალი წლის 14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღვნიშნოთ შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

პრეზიდენტის განცხადებით, დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი.

“არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამ პროცესში ყველა არ იყოს ჩართული, ყველას პოტენციალი არ იყოს თანაბრად გამოყენებული, რადგან ჩვენი ქვეყანა  მდიდარია ადამიანური რესურსით. საუბარია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების გამოყენებასა და მათ დასაქმებაზე. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი