ახალი ამბები

როგორ ეხმარება იაპონიის მთავრობა საქართველოს – საჩუქარი ბათუმს, ნიქოზსა და ოზურგეთს

3 დეკემბერი, 2019 • 1741
როგორ ეხმარება იაპონიის მთავრობა საქართველოს – საჩუქარი ბათუმს, ნიქოზსა და ოზურგეთს

სამედიცინო ტექნიკა ნიქოზის ამბულატორიას, სპეციალური მანქანა ბათუმს მაღალ სართულებზე ხანძრებთან ბრძოლისთვის, ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – ეს იაპონიის მთავრობისა და ხალხის მიერ საქართველოსთვის გაკეთებული საჩუქარია. სამივე პროექტი საქართველოს მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. 

19 ნოემბერს, იაპონიის ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას რეზიდენციაში სამივე პროექტს მოწერა ხელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იაპონიის ელჩი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის, ასევე რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას საქართველოში, და საერთო ჯამში, მდგრად განვითარებას. 

ნიქოზის ამბულატორიისთვის  სამედიცინო ტექნიკის შეძენა ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.  ამბულატორიის დირექტორის, ნიკოლოზ ძამუკაშვილის თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია:

“ეს პროექტი ამარტივებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას როგორც გეოგრაფიულად, ისე ფინანსურად. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწყვლადი  ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ქალები, ბავშვები და სპეციალური საჭიროების მქონე პირები. მადლობა იაპონიის მთავრობასა და ხალხს,” – აღნიშნა მან.

ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკის შეძენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის – პროექტის ფარგლებში მძიმე ტექნიკა გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნარჩენებისგან მუნიციპალიტეტის გასასუფთავებლად, ქალაქ ოზურგეთისა და გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანე სტრატეგიის ფარგლებში, რაც დაეხმარება ქალაქს გადავიდეს ნარჩენების სეგრეგაციაზე და ნარჩენების მართვის უფრო მდგრად მოდელზე. 

ოზურგეთის მერმა,  კონსტანტინე შარაშენიძემ ქალაქის მაცხოვრებლების სახელით იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ტექნიკა მათ ნარჩენების მართვას გაუადვილებს:

“ჩვენ აქამდე ასეთი ტექნიკა არ გვქონია. ტურისტულად აქტიურ ზონებში, ურეკში, შეკვეთილსა და  გომის მთაზე ვიზიტორების დიდი ნაკადია და ეს ტექნიკა ხელს შეგვიწყობს ამ ზონებსა და მთელ მუნიციპალიტეტში ნარჩენები უფრო ეფექტურად ვმართოთ. “

სახანძრო მანქანის გადაცემა ბათუმის მუნიციპალიტეტში – პროექტის ფარგლებში, სახანძრო მანქანა გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბათუმში მაღალ სართულებზე ხანძრებთან ბრძოლისთვის, ამ სფეროში ქალაქის მზარდი საჭიროებებიდან გამომდინარე.

გამომდინარე იქედან, რომ ბათუმში სულ უფრო და უფრო მეტი მაღალსართულიანი კორპუსი შენდება და ხანძარიც ხშირია, მაღალ სართულებზე ცეცხლის ჩაქრობა ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. აღნიშნული მანქანა საგანგებო სიტუაციების სამსახურს უფრო ეფექტურსა და მობილურს გახდის.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იაპონიის მთავრობისგან და ხალხისგან აქტიურად იღებს მხარდაჭერას კატასტროფების წინააღმდეგ სამსახურის მზაობის გაძლიერების მიმართულებით. ბატონო ელჩო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და პროექტის განხორციელებაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

იაპონიის ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას თქმით, ისინი ძალიან მოხარულები არიან სამი ახალი  პროექტის დაწყებით:

“პროექტების წარმდგენმა ორგანიზაციებმა ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩადეს ამ პროცესში, ისინი აქტიურად მუშაობდნენ ჩვენს გუნდთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს მდგრად განვითარებას,” – აღნიშნა ტადაჰარუ უეჰარამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 17 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი