თბილისში, იაპონიის საელჩოს ეზოში, ღობის ჭრილები გამოათავისუფლეს, რათა იქ დარგული ხეების ზრდის პროცესს ხელი არ შეეშალოს. გადაწყვეტილება შენობის მეპატრონემ და საელჩომ ერთობლივად მიიღეს.
“ერთობლივად გაჩნდა ეს იდეა, რომ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გამოგვეთავისუფლებინა ხეებისთვის ღობის ჭრილები და მეტი სივრცე მიგვეცა განვითარებისთვის.
იაპონიის საელჩოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ასეთი ადამიანური მიდგომა მათი მხრიდან არ გამკვირვებია”, — უთხრა “ნეტგაზეთს” შენობის მეპატრონემ, ალექსანდრე გიორგაძემ.
მისი თქმით, ღობეს იქამდეც ჰქონდა ჭრილები, თუმცა ბოლო წლების მანძილზე, ხეების ზრდასთან ერთად, ჭრილები შეივსო და საკმარისი სივრცის არარსებობის გამო ხეები დეფორმირდა. ამიტომ, საჭირო გახდა მათი გაფართოება.
“დაახლოებით 1 კვირის წინ, ტერიტორიის შემოვლის დროს შევამჩნიეთ და გადავწყვიტეთ, მიგვეხედა ამ საკითხისათვის”, — აღნიშნა შენობის მეპატრონემ.
შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.