ახალი ამბები

იაპონიის ელჩი გმობს 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს

6 ივლისი, 2021 • 953
იაპონიის ელჩი გმობს 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს

თბილისის ცენტრში 5 ივლისს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, განცხადებას ავრცელებს. ის გმობს ძალადობრივ ქმედებებს და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მსვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაარბია კერძო ოფისი.

ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება”, — დასძენს ელჩი.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი