სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ადგილას მომხდარი დაპირისპირებები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და შექმნილი ვითარება 2011-12 წლების წინასაარჩევნო კამპანიას აგონებს.
„ეს ვითარება ძალიან მაგონებს 2011 წლის მდგომარეობას, 2011-12 წლის წინასაარჩევნო კამპანიას, როდესაც ჩვენ გვქონდა ყოველდღიური დაპირისპირება, კონტრაქციები და ფიზიკური ანგარიშსწორება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით“, – განუცხადა 3 დეკემბერს ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ვითარება „აისახა იმაში, რომ ძალიან ცუდი, მძიმე შეფასებები მიიღო საქართველომ არჩევნების თავისუფლების თვალსაზრისით“.
„თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი აისახება ქვეყანაზე და ხალხზე, იმიტომ, რომ რეალურად ყველა უწყება არის გადასული იმაზე, რომ ყოველდღიური დაპირისპირებები აღმოიფხვრას თუ განიმუხტოს და დღესდღეობით არავის სცალია, იფიქროს გრძელვადიან რეფორმებზე“, – თქვა სახალხო დამცველმა.
გუშინ, 2 დეკემბერს, მცხეთაში მოძრაობა „გაბედეს“ ჩასვლას და მაჟორიტარი დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან დემონსტრაციას დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა. ამ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.
იმავე საღამოს თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მისულ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
პოლიციამ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა – [ვიდეო]