ახალი ამბები

ხვალ მცხეთაში მშვიდობიანი მსვლელობა გვექნება – ვაშაძე

2 დეკემბერი, 2019 • 1014
ხვალ მცხეთაში მშვიდობიანი მსვლელობა გვექნება – ვაშაძე

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხვალ, 3 დეკემბერს მცხეთაში აქტივისტები მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს უთხრა.

“ხვალ ჩვენ მცხეთაში ჩავდივართ, სადაც სამის ნახევარზე მშვიდობიანი მსვლელობა გვაქვს, 12 საათზე მივმართავთ ომბუდსმენს.. დაწყობილი გვაქვს მთელი სტრატეგია. ყველა მათ ძალადობას მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით ვუპასუხებთ“, – ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე პოლიციელები აშკარა კანონდამრღვევებს არ აკავებენ, საპირისპიროდ კი აკავებენ მათ, ვინც კანონის ფარგლებში მოქმედებს.

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც აქტივისტები პროტესტის გამოსახატად მცხეთაში ჩადიან. იგივე მოხდა დღესაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს. 2 მომიტინგე ადამიანი დაშავდა. უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაშავებული საავადმყოფოს, სავარაუდოდ, ხვალ, 3 დეკემბერს დატოვებს.

“მცხეთაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოახდინა. პაციენტებს თავის გარეგანი ტრავმები აღენიშნებოდათ. მათ თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არცერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება. ამჟამად ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი