ახალი ამბები

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

2 დეკემბერი, 2019 • 1997
ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც მოძრაობა „გაბედე“ მართავს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ხუნდაძის მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დააკავა შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი და კიდევ, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

[დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელიც აქტიურად გამოდიოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების ინიციატივით].

„პოლიციელები იყვნენ მათ მხარეს, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებდით. 5 ადამიანია დაკავებული. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებსაც დაგვარტყეს, გვაგინეს და ჩვენ დაგვიჭირეს იმის ნაცვლად, რომ ისინი [„ოცნების“ აქტივისტები] დაეკავებინათ“, – ამბობს ჟურნალისტებთან „გაბედეს“ ერთ-ერთი წევრი.

„ჩვენ გვინდოდა ლაპარაკი… დაგვახვედრეს აქტივისტები, გვაგინეს, გვცემეს და პოლიცია იდგა უბრალოდ. ჩვენ არ შევსულვართ არავისთან კონტაქტში, დაგვიჭირეს ჩვენ“, – ამბობს იგი.

მათ ერთ-ერთ თანამოაზრეს დაზიანება აღენიშნება:

ხუნდაძის ოფისთან იმყოფება მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე, რომელიც აცხადებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება დემონსტრანტებმა მოახდინეს:

„დაპირისპირებით არავინ არავის დაპირისპირებია… დაპირისპირება მოხდა, გადავიდა დაპირისპირებაში, იმიტომ, რომ დასაპირისპირებლად იყვნენ ეს ხალხი ჩამოსული, თორემ ჩვენ არ დავხვედრივართ აქ“, – ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქტივისტებისთვის სპეციალურად არ დაუხვედრებია მერიის თანამშრომლები და ისინი იქ ინტერესის გამო მივიდნენ:

„კი არ დავახვედრე მერიის თანამშრომლები, ყველამ დაინახა აბსოლუტურად, რომ ესენი მოვიდოდნენ, აქ იყო ტელევიზია მოსული და დააინტერესა ყველას. მერიაში მუშაობს 200 ადამიანი. აქ ყოველდღე ტელევიზია არ გვიდგას“…

„მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, ვერ ვიტყვი, რა მათქმევინებს, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ან ამისთვის მზად ვიყავით. მე თვითონ მოვუწოდებდი, რომ ვარ თქვენთვის მოსული, გამოვედი, გაგცემთ პასუხს, სათითაოდ ვეპასუხებოდი ჩემთან ოთახში“, – ამბობს მცხეთის მერი.

„გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ მე მათ ვუმტკიცებდი, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე არ იყო და მე იმათ ახლა შენობაში აურზაურის ასატეხად ვერ შევუშვებ. ხალხი მუშაობს აქ და აურზაური არ გვჭირდება“.

[მასალა ახლდება]

ნათელაშვილის შვილი მცხეთაში, ხუნდაძის ოფისთან აქციაზე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი