ახალი ამბები

ცემა-ტყეპა “ქართული ოცნების” ოფისთან

2 დეკემბერი, 2019 • 1562
ცემა-ტყეპა “ქართული ოცნების” ოფისთან

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ ისინი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიის ოფისთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მოგვიანებით გადაენაცვლათ ორბელიანის მოედნისკენ. ამ მოედანზე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტური თვითმმართველობების დახმარებით ახალგაზრდები შეკრიბა.

როგორც “ოცნების” მხარდამჭერები ირწმუნებოდნენ, ისინი ძალადობას არ დაუშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციონერ აქტივისტებთან ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. ადგილზეა პოლიციაც. “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტიის ოფისთან ოპოზიციას ეწინააღმდეგებიან ადამიანები, რომლებსაც “ენმ-ის მმართველობის დროს აწამებდნენ და არეკეტებდნენ”.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობა ოპოზიციის პროტესტის გასანეიტრალებლად.

“ქართული ოცნების” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მმართველი პარტიის ოფისთან აპროტესტებენ ხელისუფლების ქმედებებს, კერძოდ, მცხეთაში დღეს მომხდარ ინციდენტს.

როგორც გიგა მაქარაშვილმა აქციაზე თქვა, “ქართული ოცნების” მიერ სპეციალურად მობილიზებულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” წევრებს, თუმცა პოლიციამ ისევ აქციის მონაწილეები დააკავა.

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი