ახალი ამბები

რას გულისხმობს ბელარუს-რუსეთის “ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის” ჩამოყალიბება

2 დეკემბერი, 2019 • 4561
რას გულისხმობს ბელარუს-რუსეთის “ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის” ჩამოყალიბება

რუსულ და ბელარუსულ მედიაში ვრცელდება რუსეთში ბელარუსის ელჩის, ვლადიმირ სიამაშკას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ე.წ. ზესახელმწიფოებრივი პარლამენტი და მთავრობა შეიქმნება.

ჟურნალისტებთან საუბარში ელჩი ყვება, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები – ლუკაშენკო და პუტინი – შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება ეკონომიკური, ენერგეტიკული და საკანონმდებლო ურთიერთობა. მის სიტყვებს კი გამოცემა TUT.BY ავრცელებს:

“პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საერთო მიზნები გრანდიოზული აქვთ (იგ. 1999 წელს მიღებული ხელშეკრულება) და ისინი არ უნდა შეიცვალოს.

ეს არის გადასვლა უნიფიცირებულ საგადასახადო კანონმდებლობაზე. ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრების შექმნა, საერთო პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბება, გარკვეული უფლებამოსილებით, იმ შემთხვევბისთვის, როდესაც დამოუკიდებელი რუსეთი და ბელარუსი უარს ამბობენ გარკვეულ ფუნქციებზე და მათი შესრულების ვალდებულებას “ზემოთა ძალას” [იგ. ე.წ. ზესახელმწიფოებრივი ორგანო] აძლევენ.  სწორედ ასეთი ამოცანა წყდება ახლა“, – ამბობს ელჩი.

„პრეზიდენტებმა აღიარეს, რომ დასახული მიზნები (1999 წელს მიღებული კავშირის ხელშეკრულება) ამბიციურია და არ შეიცვლება. ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: ერთიანი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა, საერთო ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ბაზრების შექმნა, ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბება“, – აცხადებს ბელარუსის ელჩი.

ამ განცხადებას ბელარუსულ გამოცემა Nasha Niva-სთან გამოეხმაურა ბელარუსის საელჩო რუსეთში და თქვა, რომ ელჩის განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო:

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ელჩის სიტყვების ჩანაწერს, გავიგებთ, რომ ელჩი გულისხმობს საკავშირო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ის, რის შესახებაც მან ისაუბრა, უკვე გაწერილია. შესაბამისად, სხვა კომენტარი აქ ზედემტია, თქვენ კი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეთ და არაკორექტულად გაიტანეთ სათაურში“.

საელჩო საუბრობს ქვეყნებს შორის 1997 წლის შეთანხმებაზე, ე.წ. Union State-ზე, რომელიც ითვალისწინებს ბელარუსსა და რუსეთს შორის ზესახელმწიფოებრივი ორგანოს შექმნას, რომელმაც ეტაპობრივად უნდა დაახლოოს ქვენების ეკონომიკური, საკანონმდებლო, კულტურული და ა.შ. სივრცეები.

ამ შეთანხმების საფუძველზე, 1997 წლის 2 აპრილიდან “ბელარუს და რუს ხალხთა ერთობის დღე” აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი